სამხრეთ კორეაში დღეის მდგომარეობით კორონავირუსით ინფიცირების 8 897 შემთხვევაა დადასტურებული, ვირუსით გარდაცვალების კი – 104. ის ფაქტი, რომ სამხრეთ კორეის ჯანდაცვის სისტემა საკმაოდ მომზადებული შეხვდა მოსალოდნელ ეპიდაფეთქებას, ქვეყანას სერიოზული დანაკარგების გარეშე ვირუსთან გამკლავებაში მნიშვნელოვნად დაეხმარა, თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში ეპიდაფეთქებას დრამატული შედეგები არ მოჰყოლია, მაინც საინტერესოა, საიდან დაიწყო ვირუსმა მასშტაბურად გავრცელება.
24 თებერვალს სამხრეთ კორეის ეროვნული ასამბლეის წევრი და ახალი კონსერვატიული პარტიის თანათავმჯდომარე ჰა ტე-კიუნგი პუსანიდან სეულში სწრაფმავალი მატარებლით მიემგზავრებოდა, როდესაც შეიტყო, რომ იმ დღის სესია გაუქმებულიყო. გასული კვირის საპარლამენტო ფორუმის მონაწილეს კორონავირუსი დაუდგინდა. „პირველად ხდებოდა ჩემი კარიერის განმავლობაში, რომ პარლამენტი ამგვარი მიზეზით დაიხურა”, – განაცხადა ტე-კიუნგმა.
კორონავირუსის ეპიდემია, რომელიც თავდაპირველად ჩინეთის ქალაქ უჰანში დაიწყო, როგორც აღმოჩნდა, საკმაოდ დიდ გავლენას ახდენდა მეზობელი ქვეყნების პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაზე. მას შემდეგ, რაც ვირუსმა საპარლამენტო დღის წესრიგი შეცვალა, სამხრეთ კორეის ხელისუფლების წარმომადგენლებმა აქტიურად დაიწყეს მოკვლევა, თუ სად შეიძლებოდა ეპიდაფეთქების კერა გაჩენილიყო.
23 თებერვალს სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა, მუნ ჯე ინმა, საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა და ხელისუფლებას დაავალა, მაღალდასენიანებული პროვინციები და ქალაქები მკვეთრ იზოლაციაში მოექციათ. თუმცა ვირუსი უკვე მთელი ქვეყნის მასშტაბით იყო გავრცელებული. 23 თებერვლისთვის ქვეყანაში უკვე 578 ინფიცირების შემთხვევა იყო დადასტურებული.
პირველ მარტს სეულის მერმა პროკურატურას შინჩონჯის ეკლესიის დამაარსებლის, ლი მან-ჰის დაკავებისკენ მოუწოდა. როგორც აღმოჩნდა, ეკლესიის წევრები ქვეყნის გარშემო შეუზღუდავად მოგზაურობდნენ და ერთმანეთში ვირუსს ავრცელებდნენ.
ლი მან-ჰი რელიგიური მიმდინარეობის დამაარსებელია, რომელიც აცხადებს, რომ იესო ქრისტეს მეორედ მოსვლას განასახიერებს. მისი მტკიცებით, იგი ბიბლიაში მოხსენიებული პასტორია, რომელიც 144 000 მორწმუნეს სამოთხეში შეუძღვება.
პირველი მარტის საღამოს ლი მან-ჰიმ პრესკონფერენცია გამართა, რომელზეც დაჩოქილმა საზოგადოებას შენდობა სთხოვა იმის გამო, რომ მისმა რელიგიურმა ორგანიზაციამ დაუდევრობით ქვეყნის მასშტაბით ეპიდემიის გავრცელებას შეუწყო ხელი.
პირველი მარტის მდგომარეობით, ქვეყანაში დადასტურებული 4 000 შემთხვევიდან 60% შინჩონჯის ეკლესიასთან იყო დაკავშირებული. როგორც ცნობილია, სამხრეთ კორეაში პირველი ინფიცირებული სწორედ რელიგიური ორგანიზაციის 61 წლის წევრი იყო, რომელიც ინფიცირების შემდგომ რამდენჯერმე დაესწრო ეკლესიაში გამართულ რიტუალებს.
რელიგიური მიმდინარეობის დამაარსებელმა თავდაპირველად ეკლესიის წევრების პერსონალური მონაცემები დამალა, რამაც შესაბამის უწყებებს სავარაუდო ინფიცირებული პაციენტების იდენტიფიცირებაში მნიშვნელოვნად შეუშალა ხელი, თუმცა მოგვიანებით რელიგიურ ლიდერს მაინც მოუწია ეკლესიის წევრთა სახელების გასაჯაროება.
„ჩვენ ეკლესიის წევრთა უსაფრთხოებაზე ვზრუნავდით. სწორედ ამ მიზეზით არ გავასაჯაროვეთ თავდაპირველად მათი სახელები”, – განაცხადა ეკლესიის სპიკერმა, კიმ შინ-ჩანგმა.
საბოლოოდ, სეულის მთავრობის მოთხოვნით, ლი მან-ჰისა და რელიგიური ორგანიზაციის კიდევ 11 წარმომადგენელს კორონავირუსთან დაკავშირებული ინფორმაციის დამალვის გამო ბრალი წარედგინა.
წყარო: BBC, New Yorker;
ასევე გთავაზობთ prevenca.ge-ს მიერ მომზადებულ ინფოგრაფიკას, სამხრეთ კორეაში პაციენტ N31-ზე, რომელმაც თვითიზოლაციის წესები არ დაიცვა და უფრო მეტიც, ყოველდღიურად სტუმრობდა საჯარო ადგილებს. ოფიციალური მონაცემების მიხედვით, მან თვითიზოლაციის წესების უგულებელყოფის გამო ათასობით ადამიანი დააინფიცირა.