გარდა „ქართული ოცნების” მიერ მომზადებული კანონპროექტისა, პარლამენტში სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ წარდგენილია ინსპექტორისვე მომზადებული საკანონმდებლო წინადადება. როგორც ინსპექტორი წერს, მათი პროექტი სამსახურის ინსტიტუციური გაძლიერების, ქმედითი საკანონდებლო მექანიზმებით აღჭურვისა და დამოუკიდებლობის ხარისხის ამაღლების მიზნით შემუშავდა.
ინსპექტორის სამსახური წერს, რომ კანონპროექტი გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის (OHCHR) მხარდაჭერით მომზადდა და მასში ასევე გათვალისწინებულია ადგილობრივი არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციები.
სამსახურის მიერ საქართველოს პარლამენტში წარდგენილი საკანონმდებლო პაკეტი ითვალისწინებს რამდენიმე საკანონმდებლო აქტში ცვლილებას. გთავაზობთ ინსპექტორის სამსახურის მიერ მომზადებულ რელიზს ამ საკითხზე:
► კანონპროექტით ახლებურად წესრიგდება სისხლის სამართლის საქმის სრული მოცულობით სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისთვის გადაცემის საკითხი. კერძოდ, გენერალური პროკურორი, მისი ინიციატივით და სახელმწიფო ინსპექტორის მოსაზრების მხედველობაში მიღებით ან სახელმწიფო ინსპექტორის წერილობითი დასაბუთებული წინადადების საფუძველზე, უფლებამოსილი იქნება მიიღოს დასაბუთებული გადაწყვეტილება, ცალკე წარმოებად გამოყოფის გარეშე სისხლის სამართლის საქმის სრული მოცულობით სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისთვის გადაცემის შესახებ.
აღნიშნული ცვლილება განპირობებულია იმ გარემოებით, რომ პრაქტიკაში ხშირია შემთხვევები, როცა სამსახურის ქვემდებარე (და წარმოებაში არსებულ) სისხლის სამართლის საქმეში იკვეთება სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის, მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ ჩადენილი სხვა ისეთი დანაშაულის ნიშნები, რომლის ცალკე გამოყოფა ერთი მხრივ ხელს უშლის სამსახურის წარმოებაში არსებულ საქმეზე ეფექტიანი გამოძიების ჩატარებას, მეორე მხრივ განაპირობებს სხვადასხვა საგამოძიებო ორგანოს მიერ ფაქტობრივად ერთი და იგივე ფაქტზე გამოძიების (მათ შორის, ერთი და იგივე საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებების) ჩატარებას. შესაბამისად, სამსახურის ქვემდებარე დანაშაულის ეფექტიანი გამოძიებისათვის, რიგ შემთხვევებში, არსებითად მნიშვნელოვანია სამსახურის მანდატი ვრცელდებოდეს დანაშაულის იმ ფაქტებზეც, რომლებიც მჭიდროდაა დაკავშირებული სამსახურის წარმოებაში არსებულ საქმესთან.
► სხვა საგამოძიებო უწყებებისგან განსხვავებით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს მინიჭებული აქვს სხვა საგამოძიებო ორგანოს წარმოებაში არსებული სისხლის სამართლის საქმის მასალების გაცნობის მოთხოვნის უფლება, თუ სამსახურს აქვს ინფორმაცია, რომ რომელიმე საგამოძიებო ორგანო იძიებს სამსახურის საგამოძიებო ქვემდებარეობისთვის მიკუთვნებულ სისხლის სამართლის საქმეს.
თუმცა, აღნიშნული ბერკეტი არ არის ქმედითი და ვერ უზრუნველყოფს საქმის სამსახურისთვის დროულ გადაცემას. კერძოდ, კანონი არ განმარტავს რა წესითა და პროცედურის დაცვით უნდა გაეცნოს სამსახური სხვა საგამოძიებო ორგანოს წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეს – ვის უნდა მიმართოს სამსახურმა (საგამოძიებო უწყებას თუ ზედამხედველ პროკურორს) და ვისგან უნდა მოიპოვოს სისხლის სამართლის საქმის მასალების გაცნობის ნებართვა, რა ვადაში უნდა მოხდეს სამსახურის მოთხოვნის დაკმაყოფილება, სად უნდა მოხდეს საქმის გაცნობა და ა.შ.
გარდა ამისა, კანონის მოქმედი რედაქცია მხოლოდ სამსახურს აკისრებს სხვა საგამოძიებო ორგანოდან მისი საგამოძიებო ქვემდებარეობისთვის მიკუთვნებული სისხლის სამართლის საქმის გამოსაძიებლად გადმოცემის შესახებ წინადადების დასაბუთების ვალდებულებას, ხოლო პროკურორსა და გენერალურ პროკურორს არ უდგენს საქმის გადაცემის ან გადაცემაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების დასაბუთების ვალდებულებას.
თუ არაუფლებამოსილი საგამოძიებო ორგანო იწყებს გამოძიებას და იწყებს საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებების ჩატარებას, სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის, მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ ჩადენილი დანაშაულის ეფექტიანი გამოძიება დგება კითხვის ნიშნის ქვეშ. რისკები კიდევ უფრო იზრდება, როცა სამსახურის ქვემდებარე დანაშაულზე გამოძიებას იწყებს ის სამართალდამცავი ორგანო, რომლის თანამშრომელიც იმხილება შესაძლო დანაშაულის ჩადენაში, რადგან ასეთ შემთხვევაში, კიდევ უფრო მაღალია მტკიცებულებათა განადგურების, შეცვლის, ფალსიფიკაციის საფრთხე.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სხვა საგამოძიებო ორგანოს მიერ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ქვემდებარე სისხლის სამართლის საქმის დროულად გადაცემის მიზნით, საკანონმდებლო ცვლილებით მკაფიოდ განისაზღვრება საქმის მასალების გაცნობის თაობაზე სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მოთხოვნის ადრესატი და აღნიშნული უწყებების მიერ სამსახურისთვის საქმის დაუყოვნებლივ გაცნობის ვალდებულება. კანონპროექტით ასევე დგინდება სისხლის სამართლის საქმის გამოსაძიებლად გადაცემისა და გამოსაძიებლად გადაცემაზე უარის თქმის შესახებ ზედამხედველი პროკურორისა და გენერალური პროკურორის მიერ დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღების ვალდებულება.
► კანონის მოქმედი რედაქცია სახელმწიფო ინსპექტორის მოადგილეს ანიჭებს სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების, სისხლისსამართლებრივი დევნის ან/და გამოძიების შეწყვეტის, მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩასატარებელი საგამოძიებო/საპროცესო მოქმედების ჩატარების მიზანშეწონილობისა და ასევე, სასამართლოსთვის წარსადგენ მტკიცებულებათა ნუსხაში კონკრეტული მტკიცებულებების შეტანის შესახებ ზედამხედველი პროკურორისთვის დასაბუთებული წინადადებით წერილობით მიმართვის უფლებამოსილებას.
ამავდროულად, თუ ზედამხედველი პროკურორი არ გაიზიარებს სახელმწიფო ინსპექტორის შესაბამისი მოადგილის დასაბუთებულ წინადადებას სახელმწიფო ინსპექტორი უფლებამოსილია არაუგვიანეს 48 საათისა ამავე საკითხზე დასაბუთებული წინადადებით წერილობით მიმართოს საქართველოს გენერალურ პროკურორს. სახელმწიფო ინსპექტორის ან მისი მოადგილის წინადადება განიხილება მიმართვიდან 72 საათის ვადაში.
ეფექტიანი გამოძიების აუცილებელი კომპონენტებია გამოძიების დროულობა და ზედმიწევნითობა. სამსახურისთვის მინიჭებული ზემოაღნიშნული უფლებების რეალიზების მექანიზმები ვერ უზრუნველყოფს ეფექტიანი გამოძიების ჩატარებას შემდეგ მიზეზთა გამო:
მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩასატარებელი საგამოძიებო/საპროცესო მოქმედების ჩატარების მიზანშეწონილობის შესახებ სახელმწიფო ინსპექტორის მოადგილის დასაბუთებული წინადადება ზედამხედველი პროკურორის მიერ განიხილება 72 საათში. ზედამხედველი პროკურორის მიერ სახელმწიფო ინსპექტორის მოადგილის დასაბუთებული წინადადების გაუზიარებლობის შემთხვევაში, სახელმწიფო ინსპექტორს აქვს გენერალურ პროკურორთან ანალოგიური წინადადებით მიმართვისთვის 48 საათიანი ვადა, რაც ასევე 72 საათში განიხილება. ანუ, საქმისთვის მნიშვნელობის მქონე საგამოძიებო/საპროცესო მოქმედების ჩატარებისა და შესაბამისად, მნიშვნელოვანი მტკიცებულების მოპოვების შესახებ მსჯელობა ორ უწყებას შორის შესაძლოა გაგრძელდეს 8 დღე, რასაც ემატება შემდგომ სასამართლოსთვის შუამდგომლობით მიმართვისა და სასამართლოს მიერ აღნიშნული შუამდგომლობის განხილვის დროც.
გასათვალისწინებელია ისიც, რომ მოქმედი კანონმდებლობა არ ადგენს სამსახურის წინადადების დაკმაყოფილების შემთხვევაში პროკურორის მიერ სასამართლოსთვის მიმართვის ვადას, რაც პროკურორს ანიჭებს რამდენიმე დღის შემდეგ სასამართლოსთვის შუამდგომლობის წარდგენის უფლებას. იმ პირობებში, როცა სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენელთა მხრიდან ჩადენილ დანაშაულზე განსაკუთრებით მაღალია მტკიცებულებების განადგურებისა და გადამალვის საფრთხე, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისთვის მინიჭებული ეს უფლებამოსილება პრაქტიკაში აბსოლუტურად არაეფექტიანია და ვერ აკმაყოფილებს გამოძიების დროულად და ზედმიწევნით ჩატარების ტესტს.
ამასთან, მაშინ როცა სახელმწიფო ინსპექტორი და სახელმწიფო ინსპექტორის მოადგილე ვალდებულნი არიან დაასაბუთონ პროკურატურისთვის წარდგენილი წერილობითი წინადადებები, ზედამხედველიპროკურორი/გენერალური პროკურორი არ არიან ვალდებულნი დაასაბუთონ წინადადებებთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებები. აღნიშნული, გარდა იმისა, რომ გაურკვეველს ხდის პროკურორის გადაწყვეტილებას, ართულებს სახელმწიფო ინსპექტორის მიერ გენერალურიპ როკურორისთვის გაგზავნილი წინადადების დასაბუთებას, რამდენადაც სამსახურისთვის არ არის ცხადი ზედამხედველი პროკურორის გადაწყვეტილების მოტივაცია სახელმწიფო ინსპექტორის მოადგილის დასაბუთებულიწინადადების ნაწილობრივ დაკმაყოფილების ან წინადადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
ზემოაღნიშნული საკითხების გადაწყვეტის მიზნით, კანონპროექტი ითვალისწინებს სასამართლოს განჩინებით ჩასატარებელი საგამოძიებო/საპროცესო მოქმედების ჩატარების შესახებ სახელმწიფო ინსპექტორის მოადგილის წინადადების და ამავე საკითხზე სახელმწიფო ინსპექტორის წინადადების ზედამხედველი პროკურორისა და გენერალური პროკურორის მიერ განხილვის კანონით დადგენილი 72 საათიანი ვადის შემცირებას 24 საათამდე. ასევე, კანონპროექტით განისაზღვრება საგამოძიებო/საპროცესო მოქმედების ჩატარების შესახებ სახელმწიფო ინსპექტორის მოადგილის წინადადების დაკმაყოფილების შემთხვევაში, ზედამხედველი პროკურორის მიერ სასამართლოსთვის მიმართვის ვადა. გარდა ამისა, დგინდება ზედამხედველი პროკურორისა და გენერალურ პროკურორის მიერ დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღების ვალდებულება, კანონის მე-19 მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებულ საკითხებზე სამსახურის მიერ წარდგენილ დასაბუთებულ წინადადებაზე უარის თქმის/ნაწილობრივ უარის თქმის შემთხვევაში.
► სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გამომძიებელს, პენიტენციურ დაწესებულებაში და დროებითი მოთავსების იზოლატორში საგამოძიებო/საპროცესო მოქმედების ჩატარების მიზნით შესასვლელად, ყოველ ინდივიდუალურ შემთხვევაში ესაჭიროება შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის ნებართვა. გარდა იმისა, რომ ასეთი ნებართვის მიღება საჭიროებს რამდენიმე საათს (ზოგჯერ სრულ დღეს), რაც დროში აჭიანურებს საგამოძიებო მოქმედების ჩატარებას, ეს წესი ქმნის მტკიცებულებათა განადგურების საფრთხეს. სამსახურის ქვემდებარე დანაშაულების ჩადენაში ძირითადად იმხილებიან სპეციალური პენიტენციური სამსახურის, შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი მოთავსების იზოლატორის ან/და ამავე სამინისტროს სხვა დანაყოფების თანამშრომლები, რაც ქმნის გამოძიების შედეგით დაინტერესებული დაწესებულების ადმინისტრაციის მხრიდან მნიშვნელოვანი მტკიცებულებების გადამალვის ან/და განადგურების რისკებს.
სწორედ ამიტომ, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გამომძიებელს დაუბრკოლებლად, ყოველგვარი დაყოვნების გარეშე, უნდა შეეძლოს დროებითი მოთავსების იზოლატორებში და პენიტენციურ დაწესებულებებში შესვლა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კანონპროექტით სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გამომძიებლებს ენიჭებათ დროებითი მოთავსების იზოლატორებში ნებართვის გარეშე შესვლის უფლება.
► ხშირ შემთხვევებში, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ სამართალდამცავ უწყებებში (მაგალითად, პოლიციის განყოფილებებში) დამონტაჟებული ვიდეოკამერების ჩანაწერების მოპოვება შეუძლებელია მაშინაც კი, როცა მათი მოთხოვნა ხდება დაუყოვნებლივ და არ არის გასული ამავე უწყების მიერ ოფიციალური აქტებით დადგენილი ვიდეოჩანაწერების შენახვის ვადა. ამასთან, არც თუ ისე იშვიათია სახელმწიფო უწყებების მხრიდან სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისთვის წერილობით მოთხოვნილი ინფორმაციის დაგვიანებით (რამდენიმე კვირის, თვის შემდეგ) მიწოდების შემთხვევები, რაც დროში აჭიანურებს ან/და შეუძლებელს ხდის მტკიცებულების მოპოვებას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კანონპროექტით დგინდება სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისთვის მტკიცებულებათა გადაცემის შემჭიდროვებული, თუმცა გონივრული ვადები (10 სამუშაო დღე). ამავე კანონპროექტით ყველა პირს და ორგანოს ეკისრება სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისთვის მტკიცებულების გადაცემაზე უარის ან მისი ვადის დარღვევით გადაცემის დასაბუთების ვალდებულება.
ინსპექტორის სამსახურის მიერ მომზადებული საკანონმდებლო წინადადება სრულად;