როგორ ხსნიან ცესკოში საუბნო საარჩევნო ოქმებში ამომრჩეველთა ხმების დისბალანსს

პუბლიკა

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესსპიკერმა, ანა მიქელაძემ პარლამენტის არჩევნების წინასწარი შედეგების შესახებ გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

ანა მიქელაძემ განმარტა, რატომ არის რიგ საუბნო საარჩევნო ოქმებში ამომრჩეველთა ხმების დისბალანსი. ამის შესახებ მას ჟურნალისტებმა ჰკითხეს, რადგან სოციალურ ქსელში ამომრჩევლები ასეთი ოქმების შესახებ აქტიურად წერენ.

„ხმების რაოდენობასთან დაკავშირებით რომ დისბალანსია, ამასთან დაკავშირებით კიდევ განვმარტავ. იცით, რომ არჩევნები გაიმართა როგორც პროპორციული მაჟორიტარული სისტემით, ისე მაჟორიტარული. შეგიძლიათ ნახოთ ყველა წლის არჩევნების მონაცემით, რომ პროპორციული საარჩევნო სისტემით არჩევნებში მონაწილეობას უფრო მეტი ამომრჩეველი იღებს კონკრეტულ საარჩევნო უბნებზე, ვიდრე მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით. ეს ძალიან მარტივად აიხსნება.

გუშინაც ვნახეთ სოციალურ ქსელებში გავრცელებული სხვადასხვა საუბნო შემაჯამებელი ოქმები, სადაც საუბარი და ვარაუდი იყო გამოთქმული, რომ აღნიშნული ოქმები იყო გაყალბებული. რა თქმა უნდა, ერთეულ შემთხვევაში ჰქონდა გადაცდომას ადგილი და თითოეულ ასეთ შემთხვევას კომისია შეისწავლის, მაგრამ უმრავლეს შემთხვევაში, რა ინფორმაციაც არის გავრცელებული, ეს არის სპეციალური საარჩევნო უბნები, რომლებიც გახსნილი იყო სტაციონალურ სამკურნალო დაწესებულებაში და ხმის მიცემის პროცედურა არის შემდეგი: პროპორციული საარჩევნო სისტემით საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს აქვს უფლება, მიიღოს არჩვენებში მონაწილეობა, უფრო მეტსაც გეტყვით, ავღანეთში არჩევნები ჩატარდა მხოლოდ პროპორციული სისტემით. საზღვარგარეთაც მხოლოდ პროპორციულით ჩატარდა.

რაც შეეხება საკარანტინო სივრცეებს, ის ამომრჩევლები, რომლებიც იმყოფებოდნენ იმ მაჟორიტარული  ოლქის საზღვრებში, სადაც ისინი არიან რეგისტრირებული მათ, ხმა მისცეს მაჟორიტარული სისტემითაც, მაგრამ პირები, რომლებიც იმყოფებოდნენ იმ სივრცეებში, რომლებიც სცდება მათი მაჟორიტარული ოლქის ფარგლებს, ისინი ვერ მიიღებდნენ მონაწილეობას მაჟორიტარული სისტემით ხმის მიცემის პრიოცედურაში და მხოლოდ პროპორციული სისტემით მისცემდნენ ხმას. ამით აიხსნება სამართლებრივად აღნიშნული ოქმები”, – ამბობს ანა მიქელაძე.