როგორ მკაცრდება ჯარში გაწვევა სტუდენტებისა და სასულიერო პირებისთვის | ცვლილებები თავდაცვის კოდექსში

პუბლიკა

სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევის წესები შესაძლოა, კიდევ უფრო გამკაცრდეს. პარლამენტში დარეგისტრირდა კანონპროექტი, რომელიც სექტემბერში მიღებულ თავდაცვის კოდექსში ცვლილებებს ითვალისწინებს. ინიციატორი საქართველოს მთავრობაა და ითხოვს, რომ პარლამენტმა კანონპროექტი დაჩქარებული წესით განიხილოს. შესაბამისად, შესაძლოა თავდაცვის კოდექსში ახალი ცვლილებები ერთ კვირაშიც შეიტანონ.

ცვლილებები ეხება სტუდენტების ნაწილისთვის სავალდებულო სამხედრო სამსახურის გადავადებას და ალტერნატიულ შრომით სამსახურს.

რა შეიცვლება სტუდენტებისთვის?

ახალი ცვლილებით, გადავადებას ვერ შეძლებს სტუდენტი, რომელიც სრულად დისტანციურად სწავლობს უცხოურ უმაღლეს სასწავლებელში.

მაგალითად, თუკი ახალგაზრდა უცხოურ უნივერსიტეტში ჩააბარებს, მაგრამ საქართველოდან დისტანციური ფორმით გააგრძელებს სწავლას, ის სავალდებულო სამხედრო სამსახურის გადავადებას ვერ შეძლებს.

სანაცვლოდ, კანონპროექტში ნათქვამია, რომ მას ექნება უფლება, აირჩიოს 6, 8 თუ 11-თვიანი სამსახური გაიაროს. მას ასევე შეუძლია აირჩიოს რეზერვის უმცროსი ოფიცრის ნებაყოფლობითი სამხედრო მომზადების პროგრამა ან სტუდენტების ნებაყოფლობითი სამხედრო მომზადების პროგრამით განსაზღვრული სამხედრო მომზადების პროგრამები.

ამ ცვლილებით, სავალდებულო სამხედრო სამსახურის გადავადებას შეძლებს:

კანონმდებლობით დადგენილი წესით აღიარებული საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტი, სწავლების თითოეულ საფეხურზე სწავლის დამთავრებამდე;

ასევე უცხო ქვეყნის კანონმდებლობით დადგენილი წესით აღიარებული უცხო ქვეყნისუმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის(გარდა სრულად დისტანციური სწავლების ფორმით განსახორციელებელი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამისა) აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტი, რომელსაც შეჩერებული არ აქვს სწავლების თითოეულ საფეხურზე სწავლის დამთავრებამდე.

ცვლილებები ალტერნატიულ შრომით სამსახურში:

მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტით, ცვლილებები შეეხება ახალგაზრდების მიერ ალტერნატიული შრომითი სამსახურით სარგებლობის ნაწილსაც.

მთავრობის ინიციირებული ცვლილებით დაჩქარდება სასამართლო განხილვა ალტერნატიული შრომითი სამსახურის გავლის დასაბუთების შესახებ. ხოლო ახალგაზრდებს ალტერნატიულ შრომით სამსახურში გაწვევაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების ან ამ კანონის საფუძველზე მიღებული სხვა გადაწყვეტილების მათთვის ოფიციალური გაცნობიდან 15 დღის ვადაში სასამართლოში გაასაჩივრება შეეძლებათ.

თუმცა, მნიშვნელოვანია ის დამატება, რომ აღნიშნული გადაწყვეტილების გასაჩივრება არ აჩერებს მის მოქმედებას.

ასე რომ, თუკი ახალგაზრდას გაიწვევენ სავალდებულო სამხედრო სამსახურში, ის კი მოითხოვს ალტერნატიულ შრომით სამსახურს, მას შეიძლება უარი უთხრან და მაინც გაიწვიონ. წვევამდელს 15 დღის ვადაში გასაჩივრების უფლება ექნება, მაგრამ გასაჩივრების მიუხედავად, არ შეჩერდება მისი სამხედრო სამსახურში გაწვევის გადაწყვეტილება.

განმარტებითი ბარათის მიხედვით, ახალი რეგულაცია „შეამცირებს პირთა მიერ (რომლებსაც აქვთ ნეგატიური დამოკიდებულება სამხედრო აღრიცხვის, წვევამდელთა ეროვნული სამსახურის, აგრეთვე არასამხედრო ალტერნატიული შრომითი სამსახურის ინსტიტუტებთან) სასამართლოსთვის მიმართვის უფლების ბოროტად გამოყენების შესაძლებლობას“.

არსებული კანონმდებლობით, მშვიდობიან პერიოდში არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის გავლა შეუძლიათ სასულიერო პირებს და ახალგაზრდებს, რომლებმაც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად უნდა მოიხადონ სამხედრო ვალდებულება, მაგრამ რწმენის, აღმსარებლობისა და სინდისის თავისუფლების მოტივით უარს აცხადებენ სამხედრო სამსახურის გავლაზე.

თავდაცვის კოდექსის მიღებამდე სასულიერო პირებს სავალდებულო სამხედრო სამსახურის გადავადება შეეძლოთ, კოდექსის ამოქმედების შემდეგ კი მათ ეს უფლება შეეზღუდათ და კანონით ალტერნატიული შრომითი სამსახურის გავლა შესთავაზეს. ახალი ცვლილებით, კი შესაძლოა, მათმა ნაწილმა ალტერნატიული სამსახურით სარგებლობაც ვერ შეძლოს.

ეს შეზღუდვები არ ეხებათ მართლმადიდებელ სასულიერო პირებს, მათ სავალდებულო სამხედრო სამსახურის გადავადება კვლავ შეუძლიათ, რადგან საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის მოქმედებს კონსტიტუციური შეთანხმება (კონკორდატი).