როგორც უკვე ცნობილია, საქართველოში დაიწყო კორონავირუსის შიდა გავრცელების ეტაპი, რომელიც შეიცავს მეტ რისკს, ვიდრე ეს იყო მანამდე, როდესაც არ გვქონდა მეოთხეული გადაცემა, რაც იმას ნიშნავს, რომ ეპიდემიოლოგებს საშუალება ჰქონდათ, მიეკვლიათ წყაროსთვის, დაედგინათ კონტაქტები და შეეწყვიტათ ინფიცირების ჯაჭვი.
„ამის მიუხედავად, მიმაჩნია, რომ ჯერ კიდევ პრეკრიტიკულ ეტაპზე ვიმყოფებით და არა კრიტიკულში”. – ამბობს ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე ტელეკომპანია „ფორმულასთან„ საუბარში.
რა აძლევს ცერცვაძეს ამის იმედს?
„როგორც ვიცით, სამი ადამიანი გამოვლინდა, რომელთა შემთხვევაშიც ვერ მოხერხდა ხელის დადება იმ ადამიანზე, ვისგანაც დაინფიცირდა ეს პაციენტი. აქ უნდა გამოვიყენოთ სხვა სახის მიდგომა, სხვა ღონისძიებები და ჩარევები“, – ამბობს
რა ღონისძიებებს გულისხმობს ინფექციონისტი?
„აქ უნდა გამოვიყენოთ იმგვარი კარანტინი, როგორიც მარნეულსა და ბოლნისშია: მოსახლეობისთვის გადაადგილების, შეკრებების შეზღუდვა და უკვე არა ერთეული შემთხვევების, არამედ მასობრივი გამოკვლევა. მთელი მოსახლეობის თუ არა – რამდენიმე ათასის.
მაგალითად, მარნეულელი პაციენტი, რა თქმა უნდა, ვერ ასახელებს კონკრეტულ კონტაქტს და ვერ შემოვიფარგლებით 5, 10, 15 კაცის კვლევით, მაგრამ მაინც ასახელებს იმ ადგილებს, სადაც ბოლო ორი კვირის განმავლობაში იყო. მაგალითად, ის არ ყოფილა სამტრედიაში, არ ყოფილა სვანეთში. ის მაინც იქ იყო, მარნეულში. იყო წლისთავში, საველე სამუშაოებზე. მაინც ცნობილია ის არეალი, სადაც ის მოძრაობდა. ეს მაინც აადვილებს საქმეს. ეს ერთგვარი საშუალო ეტაპია მესამეულ გადაცემასა და მასობრივ შიდა გადაცემას შორის. არის საშუალება, ამ პიროვნების გადაადგილების მარშრუტებს მივდიოთ და კვლევის ძირითადი ვექტორები იქ წარვმართოთ და არა ყველგან.
ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ მარნეულში ჩატარებული კვლევის შემდეგ ჯერ არ გამოვლენილა იმაზე მეტი შემთხვევა, რაც გამოვლინდა ე.წ. ცნობილ კლასტერებში, იტალიიდან და ა.შ.
ეს იმაზე მეტყველებს, რომ შიდა გადაცემა მაინც ერთეული შემთხვევებია. ანუ ამ ქალბატონმა ვერ მოასწრო ბევრი კონტაქტი და თანაც ისე არაა, რომ ვისთანაც კონტაქტი ჰქონდა, ყველას გადაედოს“, – ამბობს თენგიზ ცერცვაძე.
ის იხსენებს საინტერესო ფაქტს, რომ პირველი შემთხვევების დროს იყო პაციენტი ქალი, რომელიც ქმარმა პალატაში მარტო არ დატოვა, ასევე, ყუმში ნამყოფი სულიერი ძმა არ მიატოვა მეგობარმა და მიუხედავად იმისა, რომ ორი კვირის განმავლობაში ერთ ოთახში ცხოვრობდნენ, მათ არ გადაედოთ ვირუსი.
შეგახსენებთ, რომ დღეს დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა: „გვაქვს ეპიდემია და ვართ ფარტომასშტაბიანი ეპიდემიის ზღვარზე. შესაძლოა, ეს ისეთ უმართავ პროცესებში გადაიზარდოს, როგორიცაა იტალიაში, ესპანეთში, საფრანგეთში (და ხედავთ, რა ხდება იქ), რომლებიც არიან გაცილებით ძლიერები ეკონომიკურადაც და ჯანდაცვის სისტემებითაც.
ამიტომ გეუბნებით ყველას, დავიცვათ ის წესები, რასაც გვეუბნება სახელმწიფო და ჯანდაცვის სფერო. უნდა გავიჭირვოთ ეს ორი თვე. განსაკუთრებით მოხუცებმა, ქრონიკული დაავადების მქონეებმა“ – თქვა მან.