როგორ მოვიქცეთ, თუ აქციაზე ცრემლსადენი გაზი და წიწაკის სპრეი გამოიყენეს - რჩევები

პუბლიკა

გუშინ, 7 მარტს, საპროტესტო აქციაზე სპეციალური დანიშნულების რაზმმა აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი და წიწაკის სპრეი გამოიყენეს.

გთავაზობთ „პირველადი დახმარების ცენტრის“ რჩევებს, როგორ უნდა მოიქცეთ ასეთ სიტუაციაში.

„მიუხედავად იმისა, რომ წიწაკის სპრეის და/ან ცრემლსადენი გაზის საწინააღმდეგო სწრაფმოქმედი ანტიდოტი არ არსებობს და სიმპტომები ერთი შეხედვით მწვავეა, რაც გამოიხატება სუნთქვის გაძნელებით, წვის შეგრძნებით, მხედველობის დროებითი გაუარესებით, ხველით და ა.შ. ის აბსოლუტურ უმრავლეს შემთხვევაში არ არის სასიკვდილო და პირველ რიგში, ეცადეთ, არ აჰყვეთ პანიკას”, – ამბობენ პირველადი დახმარების ცენტრში.

ასევე, მათი რჩევებია: 

  • გეკეთოთ ნიღაბი და დამცავი სათვალე.
  • უმჯობესია, მოიხსნათ ლინზები.

სპრეით/გაზით დაზიანების შემთხვევაში:

  • დატოვეთ ადგილი და გადაინაცვლეთ უსაფრთხო ადგილას;
  • თან იქონიეთ წყალი ან ფიზიოლოგიური ხსნარი (ალტერნატივად შესაძლოა გამოყენებულ იქნას რძეც) და ჩამოიბანეთ არე ხანგრძლივად (არ დაისხათ შუბლზე, ამან შესაძლოა ნივთიერება „ჩარეცხოს” თვალებში);
  • არ ეცადოთ თვალის ძალით გახელას;
  • თუ ლინზა გიკეთიათ დაზიანების დროს, მოიხსენით ის სუფთა ხელებით;
  • მოიშორეთ დაბინძურებული ტანსაცმელი, მიიღეთ შხაპი, ჩამოიბანეთ შამპუნით ან საპნით ან გელით, გრილი/ნელთბილი წყლით 10 – 15 წთ-ს განმავლობაში, უწყვეტი ჭავლით;
  • არ დაიზილოთ დაზიანებული არე;
  • სიმპტომების გაძლიერებისას, განსაკუთრებით თანმხლები ქრონიკული დაავადებების (მაგალითად ასთმა) შემთხვევაში, მიმართეთ ექიმს.

პარლამენტმა გუშინ, 7 მარტს დაუგეგმავად განიხილა და პირველი მოსმენით მიიღო რუსული კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, რომლებიც უმრავლესობის დეპუტატებმა მოამზადეს.

მოქალაქეები პარლამენტთან პროტესტის მიზნით შეიკრიბნენ. მოგვიანებით სპეცრაზმმა მათი დარბევა დაიწყო. გამოყენებული იყო წყლის ჭავლი. შსს-ს ცნობით, საპროტესტო აქციაზე სამართალდამცველებმა წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ფაქტებზე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების შესაბამისად, 66 პირი დააკავეს.

მათივე ცნობით, დაშავდა შინაგან საქმეთა სამინისტროს 50-მდე თანამშრომელი, მათ შორის რამდენიმეს დასჭირდა ქირურგიული ჩარევა და ამ დრომდე რჩებიან სამედიცინო დაწესებულებებში. აქციის მიმდინარეობისას, დაზიანებები მიიღეს მოქალაქეებმაც.