როგორ მოვუაროთ კანს წიწაკის სპრეის ან ცრემლსადენი გაზის გამოყენების შემდეგ - მარიამ დარცმელიას რჩევები

პუბლიკა

როგორ უნდა მოვუაროთ კანს, თუ აქციაზე წიწაკის სპრეი ან ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს, – რეკომენდაციებს საკუთარ instagram-გვერდზე ბლოგერი, კანის მოვლის მრჩეველი მარიამ დარცმელია (დარცო) ავრცელებს. გთავაზობთ მის რეკომენდაცციებს უცვლელად:

„აქციაზე წასვლამდე გაითვალისწინეთ შემდეგი რეკომენდაციები:

  • მოერიდეთ ზეთოვან პროდუქტებს (oil-based მზისგან დამცავსა და მაკიაჟს) და თვალებზე ტუშის/ლაინერის წასმას;
  • თან იქონიეთ დამცავი სათვალეები და პირბადე;
  • ჩაიცვით გრძელსახელოებიანი მაისური და გრძელტოტებიანი შარვალი. ეცადეთ რაც შეიძლება ნაკლები კანი გიჩანდეთ;
  • სასურველია არ გეკეთოთ კონტაქტური ლინზები, რადგან ამ ნაერთებთან კონტაქტის შემთხვევაში შეიძლება მეტად გაგიღიზიანდეთ თვალები;
  • თან იქონიეთ წყალი (სასურველია ჰქონდეს საწოვარა), გამოსაცვლელი ტანსაცმელი და პირველადი დახმარების ყუთი;

წიწაკის სპრეით ან ცრემლსადენი გაზით მოწამვლის შემდეგ, შესაძლოა, დაუყოვნებლივ გამოვლინდეს შემდეგი სიმპტომები:

  • ცრემლდენა, თვალების წვა, მხედველობის გაუარესება, სიწითლე;
  • ცხვირიდან გამონადენი, წვა და შეშუპება;
  • პირის ღრუს წვა, გაღიზიანება, ყლაპვის გაძნელება, ნერწყვდენა;
  • გულმკერდში შებოჭილობის შეგრძნება, ხველა, ხრჩობის შეგრძნება, ქოშინი;
  • კანის დამწვრობა, ალერგიული გამონაყარი, ქავილი;
  • გულისრევა, ღებინება;

სიმპტომების გაძლიერებისას, განსაკუთრებით თანმხლები ქრონიკული დაავადებების (მაგალითად ასთმის) შემთხვევაში, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.

კანის გაღიზიანების შემთხვევაში მინ. 1-2 კვირის განმავლობაში არ გამოიყენოთ ამქერცლავი მჟავები, რეტინოიდები, აკნეს სამკურნალო საშუალებები, C ვიტამინი. არ წაისვათ ტონერები, ნიღბები და შრატები. გამოიყენეთ გამარტივებული რუტინა: ნაზი დასაბანი, ბარიერის აღმდგენი დამატენიანებელი და უპარფუმო მზისგან დამცავი.

სასურველია დამატენიანებელი შეიცავდეს კანის დამამშვიდებელ ინგრედიენტებს: ალოე ვერას, ცენტელა აზიატიკას, შვრიის ექსტრაქტს, პანთენოლს, ალანტოინს, ძირტკბილას ან გვირილის ექსტრაქტებს”, – წერს ბლოგერი.