თბილისში საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობისთვის სააბონენტო სისტემის შემოღება იგეგმება. მერიის ცნობით, სააბონენტო სისტემით მოსახლეობა ეკონომიას გააკეთებს, თუმცა ჩანს, რომ ეს ცვლილებები მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილს მგზავრობას გაუძვირებს.
სააბონენტო სისტემის პაკეტები ამგვარადაა განფასებული
1. 90-წუთიანი ბარათი – 1 ლ.
2. ერთდღიანი ბარათი – 3 ლ.
3. ერთკვირიანი ბარათი – 20 ლ.
4. ერთთვიანი ბარათი – 40 ლ.
5. სამთვიანი ბარათი – 100 ლ.
6. ექვსთვიანი ბარათი – 150 ლ.
7. ერთწლიანი ბარათი – 250 ლ.
წარმოვიდგინოთ მოქალაქეები სამ სცენარში:
(თითოეულ მოქალაქეს აქვს არჩევანი, გადაიხადოს ერთჯერადად, ან შეიძინოს სხვადასხვა პაკეტი, განვიხილოთ თითოეული მათგანი ყველა სქემაში).
პირველი მოქალაქე – (პირობითი სახელად ანდრო) რომელიც ტრანსპორტს ძირითადად დღეში ორჯერ იყენებს (მიდის სამსახურში და ბრუნდება სახლში).
ანდრო აქამდე დღეში ძირითადად 1 ლარს ხარჯავდა. (დღეს საზოგადოებრივი ტრანსპორტი 50 თეთრი ღირს) 1 თებერვლიდან კი მას ყოველდღიური გადახდის შემთხვევაში 2 ლარის გადახდა მოუწევს. თვეში საშუალოდ 22 სამუშაო დღეა. ანუ ანდრო 22 ლარის ნაცვლად 44 ლარს გადაიხდის.
ანდროსთვის ერთდღიანი ან ერთკვირიანი ბარათის შეძენას აზრი არ აქვს. ვინაიდან მას მგზავრობა მკვეთრად, რამდენჯერმე გაუძვირდება.
თითქმის ორჯერ უძვირდება მას მგზავრობა ერთთვიანი ბარათის ყიდვისას – 40 ლარი 22-ის ნაცვლად.
ერთი მესამედით ძვირდება 3-თვიანი ბარათის ყიდვისას – 33 ლარი (100:3) 22-ის ნაცვლად.
რამდენიმე ლარით ძვირდება 6-თვიანი ბარათის შემთხვევაშიც. 25 ლარი 22-ის ნაცვლად.
და მხოლოდ 250-ლარიანი ბარათის შეძენითაა შესაძლებელი მცირედი შეღავათის მიღება. ამ შემთხვევაში მას მგზავრობა თვეში თითქმის 21 ლარი დაუჯდება.
თუმცა ასეთ გრძელვადიან აბონემენტს ის ნაკლი აქვს, რომ ეს თანხები დათვლილია იმ შემთხვევისთვის, თუ ანდრო ყოველ სამუშაო დღეს საზოგადოებრივ ტრანსპორტს აუცილებლად გამოიყენებს, და მაგალითად, ერთწლიანის ბარათის შემთხვევაში 365 დღე აუცილებლად ჩაჯდება ავტობუსსა თუ მეტროში, რაც პრაქტიკულად გამორიცხულია, ანუ, ანდრო ყველაზე იაფი პაკეტის შემთხვევაშიც კი წაგებულია.
მოქალაქე (პირობითი სახელით ნიკა) რომელსაც სამსახურში მისასვლელად ტრანსპორტის გამოცვლა, გადაჯდომა სჭირდება – ის ძირითადად დღეში 4 ტრანსპორტს იყენებს
რაც შეეხება ნიკას (მოქალაქეს რომელსაც სამსახურში მისასვლელად ტრანსპორტში გადაჯდომა სჭირდება) მისი შემთხვევა ანდროსგან არაფრით განსხვავდება, რადგან გადაჯდომა დღესაც უფასოა და მას დღეს სამსახურამდე მისვლა, ანუ უკან წამოსვლა მაინც 50 თეთრი უჯდება.
და მოქალაქე (პირობითი სახელით ნინო), რომელსაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი უფრო მეტჯერ სჭირდება, ვთქვათ, 6-ჯერ, 7-ჯერ, 8-ჯერ.
საბოლოოდ, წარმოდგენილი სისტემა შეღავათიანი მხოლოდ ნინოსთვის შეიძლება იყოს, მოქალაქისთვის, რომელიც დღეში მრავალჯერ იყენებს საზოგადოებრივ ტრანსპორტს.
(გათვლები გაკეთებულია იმ დაშვებით, რომ მოქალაქეები საზოგადოებრივ ტრანსპორტს ძირითადად სამუშაო დღეებში იყენებენ. სამაგიეროდ, მერის ფასებია გაწერილი იმდაგვარად, რომ არ ითვალისწინებს არასამუშაო დღეებს, შვებულებებს, უქმე დღეებს, ავადმყოფობის პერიოდებს, სხვა ტრანსპორტის გამოყენების შემთხვევებს და ა.შ.).