ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის, ალბერტ ჯონსონის განცხადებით, 2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დღე მთლიანობაში იყო წყნარი. ფიქსირდებოდა ძალადობის ცალკეული ინციდენტები.
„ეროვნულ პრობლემებზე მთელი ფოკუსის გადატანამ და არჩევნების ზეგავლენამ ეროვნულ პოლიტიკაზე გადაჩრდილა ადგილობრივი გამოწვევები. მრავალფეროვანი მედიალანდშაფტი იყო მკვეთრად პოლარიზებული და ანალიტიკური და შერჩევითი გაშუქების წილი იყო მცირე, რამაც შეზღუდა ამომრჩევლების შესაძლებლობა, რომ გაეკეთებინათ ინფორმირებული არჩევანი. შეშფოთებას იწვევს ჟურნალისტების წინააღმდეგ დაშინებისა და ძალადობის შემთხვევები. მნიშვნელოვანი დისბალანსი რესურსებში კამპანიის დაფინანსებისას მმართველ პარტიას აძლევდა ხელს.
კამპანიის დროს ქალების დაბალი წარმომადგენლობა – ამ ყველაფერმა აჩვენა, რომ საჭირო გახლავთ უფრო მეტი ვალდებულება და პასუხისმგებლობა, რათა იყოს უზრუნველყოფილი ქალთა ადეკვატური წარმომადგენლობა პოლიტიკაში.
არჩევნების დღე ჩატარდა ორგანიზებულად და გამჭვირვალედ, მიუხედავად პროცედურული გამოწვევებისა, განსაკუთრებით ხმების დათვლის პროცესში. თუმცა, დროდადრო პროცესებში პარტიული წარმომადგენლები და სამოქალაქო დამკვირვებლები მოვალეობას გადაუხვევდნენ. ასევე, შეშფოთებას იწვევს ინდივიდუალური ჯგუფები საარჩევნო უბნებს გარეთ, რომლებიც პოტენციურად გავლენას ახდენდნენ ამომრჩევლებზე“, – განაცხადა ალბერტ ჯონსონმა.
მისივე განცხადებით, საერთაშორისო არჩევნების სადამკვირვებლო მისიამ უბნების აბსოლუტურ უმრავლესობაში, რომლებსაც აკვირდებოდა, უბნების გახსნა და ხმის მიცემა პოზიტიურად შეაფასა. რამდენიმე შემთხვევაში დაფიქსირდა ამომრჩეველთა დიდი ნაკადი, „რამაც გამოწვევის წინაშე დააყენა კოვიდთთან დაკავშირებული რეგულაციების აღსრულება“.
მისივე განცხადებით, კანდიდატთა რეგისტრაცია იყო ინკლუზიური, თუმცა ბევრი ოპოზიციონერი კანდიდატი არჩევნებს გამოეთიშა. მათმა ნაწილმა განაცხადა, რომ განიცდიდნენ ზეწოლას ხელისუფლებისგან.
„ზოგადად კამპანია იყო წყნარი, თუმცა იყო ძალადობის შემთხვევები და ასევე ადგილი ჰქონდა სიტყვიერ და ფიზიკურ დაპირისპირებებს, რომლებიც უფრო გაძლიერდა საარჩევნო დღის მოახლოებასთან ერთად. ასევე, ადგილი ჰქონდა აგრესიულ რიტორიკას, განსაკუთრებით სოციალურ ქსელებში. მთავრობის მიერ კამპანიის განმავლობაში არაერთი პროექტის დააანონსება არ შეესაბამებოდა კანონის უზენაესობის სულისკვეთებას. მაღალი თანამდებობის პირების კამპანიაში ჩართვამ მმართველ პარტიას შეუსაბამო უპირატესობას ანიჭებდა.
კანდიდატები და ამომრჩევლები ყურადღებას ამახვილებდნენ ფართოდ გავრცელებულ და თანმიმდევრული ბრალდებებზე, რომლებიც უკავშირდებოდა ხმების მოსყიდვას, ადმინისტრაციული რესურსის ბოროტად გამოყენებას, დაშინებას. ამ ყველაფერმა, რასაკვირველია, გაზარდა შეშფოთება, რომელიც უკავშირდება ამომრჩევლის უფლებას, რომ ხმა მისცეს თავისუფალ გარემოში“, – ალბერტ ჯონსონმა.