არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნების“ (ISFED) განცხადებით, ხელახლა გადათვლის შემდეგ დადასტურდა პარალელური დათვლით მიღებული თავდაპირველი მონაცემები შემაჯამებელი ოქმების დისბალანასთან დაკავშირებით. შესაბამისად, მათი თქმით, სწორია საარჩევნო უბნების 8%-ში გამოვლენილი მეტობითი დისბალანსი, რაზეც ორგანიზაციამ თავიდანვე განაცხადა. ხოლო პროპორციულ შემაჯამებელ ოქმებში ბიულეტენების ნაკლებობა საარჩევნო უბნების 25.8%-ზე დაფიქსირდა.
მეტობითი დისბალანსი ნიშნავს, რომ საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმებისა და ბათილად მიჩნეული ბიულეტენების ჯამი აღემატება არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა საერთო რაოდენობას.
„სამართლიანი არჩევნების“ გამგეობის თავმჯდომარის, თამარ სართანიას თქმით, მეტობის დისბალანსი ცესკომ სხვადასხვა სახით შეასწორა, რომელთა სიზუსტე და სანდოობაც კითხვებს აჩენს. განსაკუთებით, საოლქო საარჩევნო კომისიებში შედგენილი შესწორების ოქმები, რომლებიც მონაცემების გადათვლის გარეშე, წერილობითი ან/და ზეპირი ახსნა-განმარტებების საფუძველზე ზუსტდებოდა.
ISFED-ის განმარტებით, მეტობითი დისბალანსი დასახელებულ ოქმებში ცესკოს მიერ შემდეგნაირად შესწორდა:
► საარჩევნო უბნების 3.6%-ზე მეტობითი დისბალანსის მქონე პროპორციულ შემაჯამებელ ოქმებში მონაცემები კენჭისყრის დღის მომდევნო დღეს საოლქო საარჩევნო კომისიებში გამოცემული შესწორების ოქმებით, ხოლო მომდევნო დღეებში – საოლქო კომისიების განკარგულებებით დაკორექტირდა. აქედან: საარჩევნო უბნების 2.9%-ზე შემაჯამებელი ოქმები დაბალანსდა; საარჩევნო უბნების 0.7%-ზე შემაჯამებელ ოქმებში მონაცემები არ დაბალანსდა. ოქმში მონაცემები გადათვლის საფუძველზე დაზუსტდა ერთ უბანზე.
► საარჩევნო უბნების 1.3%-ზე პროპორციულ შემაჯამებელ ოქმებში მეტობით დისბალანსის განმარტების ან შესწორების მიზნით არ არის გამოცემული შესწორების ოქმი და/ან განკარგულება; დაწერილია მხოლოდ ახსნა-განმარტება ან მონაცემი უშუალოდ შემაჯამებელ ოქმში არის გადასწორებული;
► საარჩევნო უბნების 0.6%-ზე პროპორციული შემაჯამებელი ოქმები საარჩევნო უბნებზე საეჭვო გარემოებაში შესწორდა. ძირითადად, ეს იმას გულისხმობს, რომ სამართლიანი არჩევნების დამკვირვებლის მიერ მიღებული, დამოწმებული ასლის და ცესკოს საიტზე გამოქვეყნებული შემაჯამებელი ან შესწორების ოქმების მონაცემები არ ემთხვევა ერთმანეთს და იძლევა განსხვავებულ შედეგს;
► საარჩევნო უბნების 1.8%-ზე პროპორციულ შემაჯამებელ ოქმებში დაფიქსირებული მეტობითი დისბალანსი შესწორდა კენჭიყრის დღესვე საარჩევნო უბანზე, თუმცა შესწორების ოქმები შედგა გარკვეული ხარვეზებით. ხარვეზებს შორის: შესწორების ოქმს აკლია ბეჭედი; შედგენილია მაჟორიტარული სისტემისთვის განკუთვნილ დოკუმენტზე; არასათანადო გრაფებში აქვს მითითებული შესწორებული მონაცემები; შემაჯამებელ ოქმში გადახაზულია/გადაკეთებულია შესწორებული მონაცემი და სხვ.
► საარჩევნო უბნების 0.7%-ზე პროპორციულ შემაჯამებელ ოქმებში დაფიქსირებული მეტობითი დისბალანსი კენჭისყრის დღესვე, საარჩევნო უბანზე შედგენილი შესწორების ოქმების საფუძველზე შესწორდა.
„მეტობით დისბალანსიან PVT შერჩევის საარჩევნო უბნების 46%-ზე „სამართლიანმა არჩევნებმა“ საოლქო საარჩევნო კომისიებში საჩივრები წარადგინა, მათ შორის, საარჩევნო უბნების 41%-ზე გადათვლის მოთხოვნით. აქედან, საოლქო საარჩევნო კომისიებმა არ დააკმაყოფილეს გადათვლის არცერთი მოთხოვნა. საარჩევნო უბნების 7%-ზე საჩივარი განუხილველი დარჩა, 3%-ზე – დაყენებული მოთხოვნის მიუხედავად, კომისიას ამ საკითხზე გადაწყვეტილებაში არ უმსჯელია, ხოლო 9%-ზე – საუბნო კომისიის პასუხისმგებელ წევრებს დისციპლინური პასუხისმგებლობა დაეკისრათ“, – აცხადებს ISFED.
რაც შეეხება საარჩევნო უბნების 25.8%-ს, რომლებშიც ბიულეტენების ნაკლებობა დაფიქსირდა, ISFED-ის თქმით, ცესკოს მიერ:
- საარჩევნო უბნების 2.9%-ზე პროპორციულ შემაჯამებელ ოქმებში, რომელშიც ბიულეტენების ნაკლებობა გამოვლინდა, კენჭისყრის მომდევნო დღეს ან მოგვიანებით შესწორდა, საოლქო საარჩევნო კომისიაში შედგენილი შესწორების ოქმებით ან განკარგულებებით;
- საარჩევნო უბნების 19.4%-ზე, პროპორციულ შემაჯამებელ ოქმებში დისბალანსის შესწორების მიზნით, არ შედგენილა შესწორების ოქმი და/ან განკარგულება;
- საარჩევნო უბნების 3.5%-ზე, პროპორციულ შემაჯამებელ ოქმებში გამოვლენილი ბიულეტენების ნაკლებობა კენჭისყრის დღეს საარჩევნო უბანზე შედგენილი შესწორების ოქმით შესწორდა, აქედან: 1.9%-ზე, კენჭისყრის დღეს, საარჩევნო უბანზე შესწორების ოქმის მონაცემის გათვალისწინებით, პორპორციულ შემაჯამებელ ოქმში ბალანსი არ შედგა და კვლავ ნაკლებობით დარჩა.
ISFED-ის განმარტებით, „ბიულეტენების ნაკლებობად“ მიჩნეულია ვითარება, როდესაც შემაჯამებელ ოქმში საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმების და ბათილად მიჩნეული ბიულეტენების ჯამი ნაკლებია შესაბამის უბანზე არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა საერთო რაოდენობაზე. ბიულეტენების ნაკლებობა ნიშნავს იმას, რომ საარჩევნო ყუთის გახსნის შემდეგ, მასში იმაზე ნაკლები ბიულეტენი აღმოჩნდა, ვიდრე კომისიის მიერ იყო გაცემული.