როგორ შეძლებთ კოვიდსერტიფიკატის მიღებას - ღიბრაძის განმარტება

პუბლიკა

უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ განმარტა თუ როგორ შეიძლება  მოქალაქემ აიღოს კოვიდ-სერტიფიკატი. მისი თქმით, საქართველო ერთიან სისტემაში ხვალიდან ჩაერთვება.

„დღეს დასრულდება ყველა ტექნიკური სამუშაო, ამ დაერთებასთან დაკავშირებით და ხვალიდან ჩვენ უკვე სრულფასოვნად ვიქნებით ჩართული ერთიან სისტემაში. იმისთვის, რომ ვისარგებლოთ ამ კოვიდ-სერტიფიკატით, შეგვიძლია გადმოვწეროთ app store-დან და google store-დან შესაბამისი აპლიკაცია, რომელსაც ჰქვია Georgia e-Health, გავიაროთ საკმაოდ მარტივი რეგისტრაცია და ყველა ინფორმაცია ჩვენს შესახებ, რომელიც უკავშირდება ჩვენს ვაქცინაციას, PCR ტესტირებას და კოვიდ-ინფექციის გადატანას, ავტომატურად გაჩნდება ჩვენს ტელეფონებში. ამ აპლიკაციის მეშვეობით, რომელიც წამოიღებს ჩვენს QR კოდებს, შევძლებთ ჩვენი სტატუსის დადასტურებას“, –  განაცხადა გიორგი ღიბრაძემ.

მისივე განმარტებით, საქართველო მიუერთდა ციფრული კოვიდ-პასპორტების ერთიან სივრცეს, რომელშიც ამ მომენტისთვის გაწევრიანებულია 49 ქვეყანა. შესაბამისად, საქართველოს მიერ გაცემული კოვიდ-სერტიფიკატები ვაქცინაციის, ინფექციის გადატანის და PCR ტესტირების შესახებ, ამ ერთიან სივრცეში ჩაერთვება.

„მოქმედებს ასევე ვებგვერდი covidpass.moh.gov.ge, ჯანდაცვის სამინისტროსთან არსებული ვებგვერდი. ასევე იქნება მარტივი აპლიკაცია, რომელსაც ერქმევა covidpass, სადაც მოქალაქეები მარტივად შეძლებენ დამოწმებას. მოქალაქეებს შეუძლიათ ისარგებლონ ნებისმიერი ცნობით, რომელიც მათ ხელთ აქვთ – კოვიდ-ინფექციის გადატანის, ვაქცინაციის, PCR ან სწრაფი ტესტი. ასევე ისარგებლონ აპლიკაციით“, – განაცხადა გიორგი ღიბრაძემ.