როგორ უნდა მართოს COVID-19-ს საეჭვო შემთხვევები პირველადი ჯანდაცვის სამედიცინო პერსონალმა

პუბლიკა

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ კორონავირუსის საეჭვო შემთხვევის პირველად ჯანდაცვაში მართვის პროტოკოლი შეიმუშავა.

პროტოკოლი განკუთვნილია პირველადი ჯანდაცვის ქსელში დასაქმებული სამედიცინო პერსონალისათვის – ოჯახის ექიმების, შინაგანი მედიცინის სპეციალისტების, პედიატრების, პირველადი ჯანდაცვის რგოლში მომუშავე ნებისმიერი პროფესიონალისთვის. პროტოკოლის რეკომენდაციები განკუთვნილია, ასევე, პაციენტებისთვის COVID-19-ზე საეჭვო სიმპტომებით.

როგორც დოკუმენტშია განმარტებული COVID-19 შესაძლოა, მიმდინარეობდეს მსუბუქად, საშუალოდ ან მძიმედ.

მსუბუქი/საშუალო სიმძიმის მიმდინარეობა გვხვდება შემთხვევათა დაახლოებით 80%-ში; 15%-ში დაავადება მიმდინარეობს მძიმედ, ხოლო 5%-ში – ძალიან მძიმედ (კრიტიკულად). დაავადების დამძიმება აღინიშნება მსუბუქი/საშუალო სიმძიმის ფორმის მქონე პაციენტთა 10-15%-ში, ხოლო მძიმე შემთხვევების დაახლოებით 15- 20%-ში ადგილი აქვს ძალიან მძიმე (კრიტიკული) ფორმის განვითარებას. ინკუბაციური პერიოდის სავარაუდო ხანგრძლივობა შეადგენს 1-14 დღეს, უმეტესად – 4-7 დღეს. სრულიად ასიმპტომური ინფექცია ძალზედ იშვიათია (მოლეკულური ტესტირებით დადებითი შემთხვევების 1%-ზე ნაკლები).

როდის უნდა მივიტანოთ ეჭვი COVID 19 ის არსებობაზე

კლინიკური ეჭვის მიტანა COVID-19-ის არსებობაზე უპირველესად აუცილებელია იმ პაციენტებში, რომელთაც აღენიშნებათ:

(ა)ახლად აღმოცენებული ცხელება და/ან სასუნთქი სისტემის (რესპირაციული) სიმპტომები (მაგ., ხველა, ქოშინი); (ბ) ქვედა სასუნთქი გზების მძიმე დაავადება, რომლის მიზეზი გაურკვეველია.

COVID-19-ის არსებობის ალბათობა იზრდება, თუ ზემოთ აღწერილი პაციენტები:

ა) ცხოვრობენ ან მოგზაურობდნენ გასული 14 დღის განმავლობაში იმ ადგილებში (ქვეყანა, რეგიონი, რაიონი, დასახლებული პუნქტი), სადაც SARSCoV-2 ინფექციის შიდა გავრცელებაა აღწერილი; ან ბ) ჰქონდათ მჭიდრო კონტაქტი გასული 14 დღის განმავლობაში COVID-19-ის დადასტურებული ან შესაძლო შემთხვევის მქონე პირებთან, მათ შორის სამედიცინო დაწესებულებაში მომუშავე პირთან. ახლო კონტაქტი გულისხმობს ასეთ პირთან 2 მეტრის და უფრო ახლო მანძილზე ხანგრძლივად ყოფნას პერსონალური დამცავი საშუალებების გარეშე ან დაინფიცირებულ სეკრეტებთან პირდაპირი კონტაქტს პერსონალური დამცავი საშუალებების გარეშე.

დოკუმენტში ასევე გაწერილია რეკომენდაციები ექიმებისთვისაც, რომელსაც უნდა მიმართონ შეტყობინების მიღების შემდეგ.

უფრო კონკრეტულად კი, სამედიცინო პერსონალს ეძლევა რეკომენდაცია, თუ პაციენტს არ აქვს ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა, მართოს ის დისტანციურად.

„პაციენტი მსუბუქი სიმპტომებით – ურჩიეთ „დარჩეს სახლში“ და მოახდინოს თვითიზოლაცია 14 დღის განმავლობაში. მიაწოდეთ თვითმოვლის რეკომენდაციები. თუ თვითიზოლაცია შეუძლებელია სამინისტროსთან შეთანხმებით უზრუნველყავით პაციენტის გადაყვანა საკარანტინე სივრცეში ურჩიეთ ტემპერატურის გაზომვა სულ მცირე დღეში ორჯერ (დილა-საღამოს) და მაჩვენებლების დოკუმენტირება .

შეაფასეთ პაციენტის ბინაზე დარჩენის პირობები: თუ პაციენტს ყავს შესაბამისი მზრუნველი პირები ოჯახში, აქვს იზოლირებული ოთახი, სადაც არ შევლენ ოჯახის სხვა წევრები; აქვს ადეკვატური რესურსი საკვებისა და სხვა საჭიროებების დასაკმაყოფილებლად.

პაციენტსა და ოჯახის წვრებს აქვთ შესაბამისი პირადი დაცვის საშუალებები (სულ მცირე, ხელთათმანები და ნიღაბი) და იციან მათი მოხმარების წესები; პაციენტი და ოჯახის წევრები იცავენ რესპირაციული ჰიგიენის წესებს (ხველის ეტიკეტი, ხელების ჰიგიენა და ა. შ.); პაციენტს ყავს ოჯახის წევრები, რომლების შესაძლოა იმყოფებოდენ COVID-19 ინფექციის გართულებების მაღალი რისკის ქვეშ (მაგ.: ხანდაზმულები, პაციენტები ქრონიკულ დაავდებებით, იმუნოკომპორომეტირებული პირები – ასეთ დროს აუცილებელია პაციენტის გადამისამართება საკარანტინე სივრცეში.

რაც შეეხება რეკომენდაციებს, პაციენტმა დღის მანძილზე უნდა მიიღოთ საკმარისი რაოდენობით სითხე, რათა შარდს შეუნარჩუნდეს ღია გამჭვირვალე ფერი. შესაძლებელია მიიღოთ პარაცეტამოლი სიმპტომების გაუმჯობესების მიზნით. მედიკამენტი მიიღეთ ინსტრუქციის შესაბამისად და არ გადააჭარბოთ დოზას. თუ თქვენ ან თქვენი ოჯახის წევრი საჭიროებს დაუყოვნებელ სამედიცინო რჩევებს; დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, თუ თქვენი ან ოჯახის სხვა წევრის მდგომარეობა გაუარესდება“, – ნათქვამია დოკუმენტში.

დოკუმენტის სრული ვერსია იხილეთ ბმულზე.