ერთიანი ეროვნული გამოცდების, საერთო სამაგისტრო გამოცდებისა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსის გამართვის თარიღებისა და წესის განსაზღვრის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ გამოცდებზე ინფექციური კონტროლისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის შესახებ ისაუბრა.
გაბუნიას განცხადებით, სამინისტრომ დაავადებათა კონტროლის ცენტრთან ერთად, იხელმძღვანელა რეკომენდაციების პაკეტით, რომელიც ემყარება მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ შემუშავებულ წესებს, ასევე ევროპის გამაგრილებელი და გამათბობელი საკონდიციონერო ფედერაციის რეკომენდაციებს იმის თაობაზე, როგორ შეიძლება ინფექციის კონტროლი ვენტილაციის, ბუნებრივი აირაციისა და კონდიციონერის სისტემის გამოყენების შემთხვევაში.
„რეკომენდაციები მოიცავს – დისტანცირებას: 2 მეტრი, ასევე სულ მცირე 1 მეტრი მაგიდებს შორის არის მთავარი წესი, ასევე არის რეკომენდაცია ბარიერების შესახებ, პირბადეების ტარება რჩება ერთ-ერთ ბაზისურ და მნიშვნელოვან მოთხოვნად როგორც პერსონალის, ასევე გამოცდაზე მყოფებისთვის. ზოგადი ჰიგიენური წესების დაცვა, დეზობარიერის გავლა, სანიტარული შესვენება, ჰიგიენური დამუშავება სანიტარული ხსნარებით; საგამოცდო სივრცის სველი წესით დამუშავება – ეს არის ის მინიმალური მოთხოვნები, რაც უნდა დავიცვათ საგამოცდო სივრცეებში“, – აცხადებს გაბუნია.
თამარ გაბუნია აცხადებს, რომ თუკი აბიტურიენტს გამოცდების დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე ტემპერატურა ექნება, კორონავირუსის გამოსარიცხად, პირველადი ჯანდაცვის ქსელი მზად იქნება, რომ ასეთი აბიტურიენტი პისიარ ტესტირებით შეამოწმოს.
„თუ გამოცდების დაწყებამდე და გამოცდაზე მისვლამდე აბიტურიენტი თავს შეუძლოდ იგრძნობს, ექნება ტემპერატურა 2-3 დღით ადრე, ამისთვის მზად იქნება პირველადი ჯანდაცვის ქსელი, რომ ასეთი აბიტურიენტი მიიღოს, ჩაუტარდეს შეფასება და საჭიროების შემთხვევაში პისიარ ტესტი. 2-3 დღით ადრე ჩატარებული pcr საშუალებას მოგვცემს, გამოვრიცხოთ ვირუსის არსებობა”, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.