როგორ ვრცელდება „მაიმუნის ყვავილი“ - ბიძინა კულუმბეგოვის განმარტება

პუბლიკა

ალერგოლოგმა, იმუნიზაციის ეროვნული საბჭოს წევრმა, ბიძინა კულუმბეგოვმა დღეს მედიაცენტრ „მთავარში“ „მაიმუნის ყვავილის“ შესახებ ისაუბრა.

მისი განმარტებით, ამ ვირუსთან დაკავშირებით ბევრი რამ გარკვეული და დაზუსტებულია, მისი გენომის შინაარსი ცნობილია, ვინაიდან ის ყვავილის ვირუსის ოჯახს მიეკუთვნება.

მისივე თქმით, ყვავილის ვაქცინით 1979 წლამდე აცრილი იყო თითქმის მთელი მსოფლიოს მოსახლეობა. ეს ადამიანები დიდი ალბათობით დაცული არიან „მაიმუნის ყვავილისგან.“

კულუმბეგოვის განმარტებით, დღესდღეობით არსებობს ორი ანტივირუსული პრეპარატი, რომელიც 2019 და 2021 წელს ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრისა და წამლისა და სურსათის სააგენტოს მიერ არის ნებადართული ყვავილის წინააღმდეგ გამოყენებისთვის  და იგივე მოქმედების მექანიზმი, დაცულობისა და განკურნების ხარისხი აქვს  „მაიმუნის ყვავილზეც“.

კულუმბეგოვი ამბობს, რომ ორი ანტივირუსული პრეპარატისა და ვაქცინის არსებობა, რომელთაც 85%-იანი დაცვა აქვთ, უკვე წინ გადადგმული ნაბიჯია.

მისივე თქმით, „მაიმუნის ყავავილს“ აქვს ორი შტამი, ცენტრალური და დასავლეთ აფრიკული. ეს არის ენდემური დაავადება.

„თუ დაავადებული ცხოველი, მღრღნელები და მაიმუნები დაესხმოდნენ თავს ადამიანს ან სახლში ყოფნისას გაკაწრავდა, ან დაკბენდა, მაშინ ემართებოდათ ვირუსი იქ ენდემურად მცხოვრებთ. არსებული მდგომარეობა მნიშვნელოვანი და საინტერესოა იქიდან გამომდინარე, რომ „მაიმუნის ყვავილი“ დღეს უკვე არაენდემურ არეებში გავრცელდა – 20-ზე მეტ ქვეყანაში (ბრიტანეთში, პორტუგალიაში, ბელგიაში, აშშ-ში, ავსტრალიაში…). მსგავსი შემთხვევა არ ყოფილა არასდროს „მაიმუნის ყვავილთან“ დაკავშირებით.

შემთხვევები, ძირითადად, გვხვდება მამაკაცებში, ძირითადად, კანით კანთან ახლო კონტაქტით აღმოცენებული. ცხოველებთან ან აფრიკული მოგზაურობის ისტორია არც ერთ მათგანს არ აქვს – ეს არის ჯერჯერობით, რაც ეპიდემიოლოგიურად გაურკვევლობას ტოვებს და გარკვეული მოლოდინის წინაშე გვაყენებს.“

როგორ ვრცელდება „მაიმუნის ყვავილი“

კულუმბეგოვი განმარტავს, რომ „მაიმუნის ყვავილი“ გადაეცემა ინფიცირებულთან 3 საათზე მეტი დროის განმავლობაში 2 მეტრზე ახლო კონტაქტისას. გადაეცემა ბიოლოგიურ სითხეებთან ან კანით კანთან კონტაქტით. ასევე  ინფიცირებული ადამიანის ტანსაცმლისა და სხვა ნივთების გამოყენებათ.

„ამიტომ ეს არ არის ისეთი ინფექცია, რომელიც დააცემინე, დაახველე და გავრცელდება, ამიტომ მას პოტენციურად დიდი პანდემიის გამოწვევა 99%-იანი ალბათობით არ შეუძლია, მაგრამ, რა თქმა უნდა, საყურადღებოა განსაკუთრებით ორსულებისთვის, 8 წლამდე ბავშვებისთვის, იმუნოკომპრომიტირებული ხალხისთვის, რისთვისაც მზადყოფნა უნდა გვქონდეს“, – ამბობს კულუმბეგოვი.

მისი თქმით, ამ ეტაპზე ქვეყანაში არც შესაბამისი ვაქცინაა და არც ანტივირუსული პრეპარატები, თუმცა დარწმუნებულია, რომ დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა უკვე გააკეთა შესაბამისი განაცხადი და რაღაც ეტაპზე ვაქცინა და წამალი ქვეყანაში ხელმისაწვდომი იქნება.

კულუმბეგოვი ამბობს, რომ ამ დროისთვის ქვეყანაში არც ერთი საეჭვო შემთხვევა არ გამოვლენილა. ის მოსახლეობას მოუწოდებს, ჩუტყვავილას მაგვარი გამონაყარის გამოვლენის შემთხვევაში (არა მხოლოდ ბავშვებში, მოზრდილებშიც), შეავსონ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სპეციალური ფორმა, რის შესახებაც ინფორმირებულია სამედიცინო პერსონალი. ლუგარის ლაბორატორია კი გამოიკვლევს, ჩუტყვავილასთან გვაქვს საქმე თუ „მაიმუნის ყვევილთან.“