როგორ წაართვა კულტურის სამინისტრომ ფეისბუქის გვერდი მწერალთა სახლის შემოქმედებით ჯგუფს

პუბლიკა

გუშინ და დღეს მწერალთა სახლის ფეისბუქგვერდზე რამდენიმე წინააღმდეგობრივი განცხადება გამოქვეყნდა.

7 სექტემბერს მწერალთა სახლის გვერდზე გაზიარდა კულტურის სამინისტროს განცხადება, რომელშიც გაკრიტიკებული იყო მწერალთა სახლის ყოფილი ხელმძღვანელი ნატაშა ლომოური. მოგვიანებით განცხადება წაიშალა და დაწერეს, რომ ის იყო შეურაცხმყოფელი და ცილისმწამებლური. მოგვიანებით აღნიშნული განცხადებაც წაიშალა ფეისბუქისგვერდიდან. 8 სექტემბერს მწერალთა სახლის გვერდზე ისევ გამოქვეყნდა კულტურის სამინისტროს ის განცხადება, რომელიც მწერალთა სახლის შემოქმედებითი გუნდის მიერ ცილისმწამებლურად და შეურაცხმყოფლად შეფასდა.

„პუბლიკა“ მწერალთა სახლის სოციალური მედიის მენეჯერს, მარიამ გიგუაშვილს ესაუბრა.

„როდესაც ქეთევან დუმბაძე დირექტორად დაინიშნა, მე გავხადე ფეისბუქგვერდის ადმინად, რადგან მე მქონდა წვდომა „მწერალთა სახლის” ფეისბუქგვერდზე, არა მარტო ამ ფეიჯზე,  არამედ სხვადასხვა გვერდზეც“ – გვიყვება მარიამი.

ამის შემდეგ შემდეგ მას მისდის შეტყობინება, რომ წაშლილია გვერდის ადმინობიდან – „დანიშნა თავისი კადრი, რომელიც ჩვენს ორგანიზაციაში არ მუშაობს. შემდეგ მოხდა ისე, რომ გავარკვიეთ ერთმანეთთან რაღაცები, გეგმები გავუზიარეთ ერთმანეთს და ისევ დამაბრუნა ადმინად”.

გუშინ, როდესაც მარიამი სამსახურიდან წამოვიდა, ტელეფონზე რამდენიმე თანამშრომელმა დაურეკა – აინტერესებდათ,  თუ რატომ გააზიარა მან სამინისტროს შეურაცხმყოფელი განცხადება.

„მე საერთოდ არ ვიყავი საქმის კურსში, რა ხდებოდა, რომ შევამოწმე, ეს იყო კულტურის სამინისტროს განცხადება, რომელიც ჩვენს ფეისბუქგვერდზე იყო გადმოზიარებული“.

ამის შემდეგ მარიამი შლის სამინისტროს განცხადებას და აქვეყნებს სხვას,  შემოქმედებით ჯგუფთან ერთად.

ამის შემდეგაც მას ფეიჯზე წვდომა კვლავ შეეზღუდა და ეს განცხადებაც წაიშალა, დღეს კი სამინისტროს ვრცელი განცხადება მწერალთა სახლის გვერდზე კვლავ გამოქვეყნდა.

ამ დროისთვის მწერალთა სახლის ფეისბუქზე ადმინებად რჩებიან ქეთევან დუმბაძე და სამინისტროს კიდევ ერთი კადრი.