როგორ წარმოგიდგენიათ, მე რომ ქუჩაში ვიცეკვო, მეორე დღეს ჩემს მიმართ აგორებული კამპანია როგორი იქნება? - მოსამართლე

პუბლიკა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს, ნინო სანდოძეს გიორგი გახარიას გუნდის წევრმა მიხეილ დაუშვილმა ჰკითხა, მიუხედავად დასავლელი პარტნიორების კრიტიკისა, უცვლელად გრძელდება სასამართო სისტემაში გადაწყვეტილებების მიღება, შეუშლის თუ არა ეს ხელს ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესს ხელს.

ამაზე მოსამართლემ განაცხადა, რომ „აქ ამოსვლა უნდა დავიწყოთ იქიდან, საიდან წამოვიდა ეს განცხადება“.

„თუ მოსამართლეებთან და სასამართლოს დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით მოსამართლეთა ადმინისტრაციული კომიტეტი განცხადებას გააკეთებს, ვფიქრობ, ეს არის აბსოლუტურად ლეგიტიმური. როდესაც ამ პროცესს ელჩები აფასებენ არადადებითად, ეს რამდენად შეუწყობს ჩვენს ინტეგრაციას ხელს? ვფიქრობ, სწორედ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების სურვილი და ნებაა, რომ ქვეყანაში დამოუკიდებელი მართლმსაჯულება იყოს. მათი ინტერესი არ არის, რომ მართლმსაჯულებაში ვინმე ერეოდეს. აქედან გამომდინარე ვფიქრობ, ჩვენს მიერ გაკეთებული განცხადება არანაირად არ არის ერთმანეთთან კავშირში, ხელს შეუწყობს თუ შეუშლის ჩვენს ინტეგრაციას ევროპასთან“, – განაცხადა სანდოძემ.

სანდოძის თქმით, ადმინისტრაციული კომიტეტის განცხადება იყო აბსოლუტურად დროული და საჭირო. მისი თქმით, იუსტიციის საბჭოში სათანადო წევრების რაოდენობა თუ არ იქნება, ეს შეაფერხებს სასამართლოს ფუნქციონირებას.

ზოგადად მოსამართლეთა დამოუკიდებლობის საკითხზე საუბრისას კი ნინო სანდოძემ მაგალითად მისი ერთ-ერთი ვიზიტი მოიყვანა და აღნიშნა, რომ როცა სხვა ქვეყნის მოსამართლეთა დამოუკიდებლობას საქართველოში არსებულ სიტუაციას ვადარებთ, მნიშვნელოვანია წინაპირობების გათვალისწინება.

„ერთ-ერთი ვიზიტის დროს გახლდით ლოს-ანჯელესში და ერთი სასამართლოდან მეორე სასამართლოში გადასვლისას ვნახეთ ქუჩის მუსიკოსი, რომელიც უკრავდა. ჩვენმა მასპინძელმა მოსამართლემ, რომელიც ფედერალური მოსამართლეა, ქუჩის მუსიკოსის დაკრულზე დაიწყო ცეკვა ქუჩაში და ჩვენც გვითხრა, რატომ ერიდებითო? ეს არის თავისუფლების ხარისხი, რომელიც იმ ხალხმა წლების მანძილზე მოიპოვა. თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ, მე რომ ქუჩაში ვიცეკვო და ჩემს თავის ამის უფლება მივცე, მეორე დღეს ჩემს მიმართ აგორებული კამპანია როგორი იქნება ქვეყანაში? ამიტომ ჩვენ როდესაც ვინმეს ვედრებით, ძალიან მნიშვნელოვანია ეს წინაპირობებიც გავითვალისწინოთ“, – განაცხადა სანდოძემ.