როგორ წარმოუდგენია პაპუაშვილს პოლარიზაციის პრობლემის გადაჭრა

პუბლიკა

„რაც შეეხება პოლარიზაციას და რა ვუშველოთ „ქართული ოცნების“ და „ნაციონალური მოძრაობის“ დიქოტომიას“ – ოპოზიციონერი დეპუტატების, ანა ბუჩუკურისა და ხათუნა სამნიძის, შეკითხვების საპასუხოდ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ სინამდვილეში ეს არ არის პოლარიზაცია, არის რადიკალიზაცია.

მისი თქმით, დეპოლარიზაციის პრობლემის გადაჭრის მთავარი გზაა იმის აღიარება, რომ ეს არის რადიკალიზაცია და მიუღებელია, რადგან რადიკალური დღის წესრიგი გულისხმობს დემოკრატიული ინსტიტუტების და არჩევნების არაღიარებას და ამ აღიარების შემდეგ რადიკალიზაციისგან მკაფიო გამიჯვნა.

„რადიკალიზაცია გულისხმობს, რომ არის ერთი ცენტრი, დემოკრატიული ინსტიტუტები, დემოკრატია, როგორც ასეთი და არის ჯგუფი გასულია ამ ცენტრიდან, ორბიტიდან არის გარეთ, გასულია დემოკრატიული ჩარჩოდან.

აქ თუ მოლოდინი გვექნება, რომ დემოკრატიული ინსტიტუტები უნდა დაიძრან ჩარჩოს მიღმა მყოფი რადიკალური ჯგუფებისთვის, ესაა დემოკრატიის დაზიანება.

ამიტომაც ვთქვი, რომ ერთადერთი გამოსავალი დერადიკალიზაციის, თუკი ვთანხმდებით, რომ რადიკალიზაცია არის პრობლემა, არის ის, რომ რადიკალურმა ჯგუფები შეეშვან რადიკალურ დღის წესრიგს და მეორე არის პრობლემის აღიარება, ეს გადაწყვეტის ნახევარი გზაა.

პირველი, რაც უნდა გააკეთოს ჯგუფმა, რომელიც თავს არ თვლის რადიკალად, აღიაროს რადიკალიზმის პრობლემა. დაარქვას თავისი სახელი იმ ჯგუფებს, ვინც არიან რადილალები და შემდეგ ეს გადაწყვეტა თავისით გამოჩნდება.

თქვენ თუ მოლოდინი გაქვთ, არ ვიცი, იმიტომ რომ საქართველოს მოსახლეობას არ აქვს მოლოდინი, რომ დემოკრატია უკან დაიხევს რადიკალიზმის მიმართ. პირიქით, რადიკალიზმმა უნდა დაიხიოს უკან და ეს განცდაც და შეფასებაც, მე ვაკვირდები თვიდან თვემდე, კვირიდან კვირამდე პროცესებს და სულ უფრო მიმყარდება, რომ მცდელობაა, რადიკალიზაცია წარმოგვიდგინონ პოლარიზაციად, ამით აიძულონ დემოკრატია, რომ უკან დაიხიონ რადიკალების წინაშე – ასე ვერ იქნება. გამოსავალია, რომ რადიკალები უნდა შეეშვან რადიკალურ დღის წესრიგს.

დღესაც ვხედავთ ცარიელ სკამებს და პირად საუბრებში აღვნიშნავთ, რამდენად არარაციონალურია, არალოგიკური, რამდენად კონფრონტაციულია ეს ნაბიჯი. დაარქვით ამას თავისი სახელი, გაემიჯნეთ, ნუ გახდით ამას სალონურად“, – მიმართა მან დეპუტატებს.

პაპუაშვილმა რადიკალიზაციის მაგალითად მოიყვანა პარლამენტში ომბუდსმენის შერჩევის პროცესი და აღნიშნა, რომ პარლამენტი „რადიკალური დღის წესრიგის მძევალი აღმოჩნდა, როცა რამდენიმე არასამთავრობომ დახურულ კარს მიღმა შეარჩია საკუთარი წრიდან რამდენიმე კანდიდატი და ულტიმატუმის სახით წამოუყენა პარლამენტს“.

რაც შეეხება შეკითხვებს, გახარიას პარტიის წევრი ანა ბუჩუკური დაინტერესდა, რა სახის კომპრომისისთვისაა მზად ხელისუფლება, რომ დასრულდეს პოლარიზაცია; ხოლო „რესპუბლიკელების“ თავმჯდომარის, ხათუნა სამნიძის შეკითხვა იყო, სად ხედავს ხელისუფლება ოპოზიციასთან მოლაპარაკების რესურსს.

საქართველოს პარლამენტში პარლამენტის თავმდჯომარე შალვა პაპუაშვილი პარლამენტის 2022 წლის საქმიანობის ანგარიშსა და 2023 წლის სამოქმედო გეგმას წარადგენს.

პრეზენტაციაზე პაპუაშვილმა მიმოიხილა, როგორ ასრულებს პარლამენტი ევროკავშირის 12 პუნქტით მასზე დაკისრებულ მოვალეობებს.

პარლამენტის სპიკერმა განსაკუთრებული ყურადღება დეპოლარიზაციის პუნქტზე გაამახვილა.