როგორც ჩანს, უახლოეს დღეებში 1000-ს გადავაბიჯებთ - გახარია კოვიდშემთხვევების რაოდენობაზე

პუბლიკა

„როგორც ჩანს, ჩვენ უახლოეს დღეებში ნიშნულს 1000-ს გადავაბიჯებთ და ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ მსოფლიოში ჯერ არ არსებობს არანაირი გზა ეპიდემიის სწრაფი შეჩერების, გარდა მკაცრი შეჩერებისა და „ლოკდაუნებისა“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ განაცხადა.

გახარიას თქმით, ამის მიუხედავად, მთავრობას აქვს თანმიმდევრული გაცხადებული გეგმა კორონავირუსის მართვისა და ადაპტაციის.

„დღეს და ბოლო დღეების განმავლობაში მსოფლიოში დაფიქსირდა ინიცირების რეკორდული მაჩვენებელი. მაგალითად, გუშინ იყო 381 000. დღეს ჩვენ გვაქვს რეკორდულად მაღალი 919 ინფიცირებული პირი, რაც სერიოზული ციფრია“, – აღნიშნა გახარიამ.

„კარგად გვესმოდა და ამას ყოველთვის ვამბობდით, რომ იქნება მეორე ტალღა; იქნება ინფიცირებულების რაოდენობის ზრდა. მაგრამ, მთავარია, რომ ჩვენ ეს პროცესი ვმართოთ, რასაც დღეს ვაკეთებთ. ამიტომ, ღიად გეუბნებით, მიუხედავად იმისა, რომ დღეს გვაქვს 919 შემთხვევა, უახლოეს დღეებში, დიდი ალბათობით გადავაბიჯებთ 1000-ს და ეს ზრდა გაგრძელდება. მაგრამ ჯანდაცვის სისტემა იმ ახალი მიდგომით, რომელიც ჩვენ უკვე გეგმაში შეტანილი გვაქვს და ვამუშავებთ, ამ დარტყმას გაუძლებს.

ეს ნიშნავს იმას, რომ კლინიკური მართვა არის უკვე გადალაგებული და ის არის სეგმენტირებული ისე, რომ მოხდეს ადამიანების გადანაწილება სხვადასხვა მიმართულებით და რაც მთავარია, მძიმე ფორმები მოხვდნენ სარეანიმაციო განყოფილებებში, რომლის დეფიციტიც დღეს ქვეყანაში არ არის. დღეს სრულად არის ამისთვის მზად ჯანდაცვის სისტემა“, – აღნიშნა გახარიამ.