როგორც ჩემთვის არის ცნობილი, ჯუმბერ მილაძეს ჰქონდა ინსულტი - ციხელაშვილი

პუბლიკა

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილის განცხადებით, 63 წლის ახალგორელი მამაკაცი გუშინ ოკუპირებული ტერიტორიიდან წითელი ჯვრის მეშვეობით გადმოიყვანეს და საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. მინისტრი თანაგრძნობას უცხადებს ჯუმბერ მილაძის ოჯახს.

„ახლა მიმდინარეობს ექსპერტიზა, თუმცა როგორც ჩემთვის არის ცნობილი მამაკაცს ჰქონდა ინსულტი, რამდენიმე დღის წინ ახალგორის საავადმყოფოდან ის გადაიყვანეს ცხინვალში, რაც მოგეხსენებათ უკავშირდება საკმაოდ რთულ სერპანტინებს მაღალ მთაში, რაც თავისთავად უკუჩვენებას იწვევს ასეთ პაციენტებში და რამდენიმე დღის განმავლობაში უკვე ცხინვალის საავადმყოფოდან მისი ოჯახი ცდილობდა, რომ პაციენტი გადმოეყვანა კონტროლირებად ტერიტორიაზე, რაც არ მოხერხდა, რეალურად დაგვიანდა და ცხადია, ამან ძალიან დაამძიმა პაციენტის მდგომარეობა“, – განაცხადა ციხელაშვილმა.

მინისტრი აცხადებს, რომ ეს არის მორიგი მსხვერპლი იმ არაადამიანური და ამავდროულად სრულიად არალეგალური შეზღუდვებისა, რომელიც მოსახლეობას აქვს ცხინვალის რეგიონში იზოლაციის პირობებში.

„არ უნდა ფერხდებოდეს ასეთ გადაუდებელ სამედიცინო საჭიროებაზე მაინც გადაადგილება, მით უფრო მოგეხსენებათ, რომ ახალგორელებს ექმნებათ ძირითადად ეს პრობლემა, რაც არის აბსოლუტურად, კატეგორიულად მიუღებელი, ატარებს ეთნიკურ ნიშანსაც და ეს კიდევ უფრო ამძიმებს აი ამ მოქმედებებს, რასაც ახორციელებს რეჟიმი“, – განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.