პაატა ბურჭულაძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს, სადაც წერს, რომ დღეს ქუთაისის საოპერო თეატრში ხატია დეკანოიძესთან ერთად მისვლა ჰქონდა დაგეგმილი. შეხვედრაზე თეატრის მუსიკოსებსა და მენეჯმენტს მერობის კანდიდატისთვის საკუთარი პრობლემები უნდა გაეცნოთ, თუმცა მისვლამდე თეატრში კარანტინი გამოაცხადეს და შენობაში შესვლა ვერ შეძლეს. თეატრის წარმომადგენლებმა ჩვენთან საუბრისას განაცხადეს, რომ კარანტინი ოპერის თეატრში დადასტურებული შემთხვევების გამო რამდენიმე დღეა გამოცხადებულია და პაატა ბურჭულაძის მისვლა კავშირში არაა.
„ქუთაისის საოპერო თეატრიდან ჩემი ძვირფასი მეგობრები მირეკავენ მომხდართან დაკავშირებით. დღეს მინდოდა თეატრის მუსიკოსებსა და მენეჯმენტს ხატია დეკანოიძისთვის გაეცნოთ საკუთარი პრობლემები, ამიტომ მივედით თეატრთან. ვიცოდით რომ რეპეტიცია იყო დანიშნული. იქ კი ისე უცნაურად დაემთხვა, რომ როგორც კი გახდა ცნობილი ჩვენი მისვლის შესახებ, მოულოდნელად გამოცხადდა კარანტინი, საჭირო გახდა დეზინფექცია და თეატრი დაკეტეს. რატომღაც არც საოპერო თეატრის ხელმძღვანელმა ინება ჩემთან შეხვედრა. არ იღელვოთ ჩემო მეგობრებო, ესეც გადაივლის და მე აუცილებლად მოვალ თქვენთან და რითაც შემეძლება გვერდით დაგიდგებით“, – წერს ბურჭულაძე.
თეატრის მედიასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელმა განგვიცხადა, რომ, სავარაუდოდ, შეხვედრა მხოლოდ თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელთან იყო დაგეგმილი და არა თეატრის დასთან.
მედიაში ვრცელდება ქუთაისის ოპერის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ირინე ლომინაძის კომენტარი, სადაც ის იმ მიზეზს განმარტავს, რის გამოც საოპერო მომღერალ პაატა ბურჭულაძესთან შეხვედრაზე უარი თქვა.
„ჩემთან არავინ მოსულა თეატრში შემოშვებისთვის. დამიკავშირდნენ და მითხრეს, რომ პაატა ბურჭულაძეს სურდა ჩემი გაცნობა. მას არ უთქვამს, რომ სურდა შემოსვლა. რა უფლებით არ შემოვუშვებდი, სირცხვილია პაატა ბურჭულაძე არ შემოუშვა თეატრში. მე ვუთხარი, როგორც მსოფლიო ბანს ჰქონდა ჩემი უდიდესი პატივისცემა და ბედნიერი ვიქნები, თუ ოდესმე იმღერებს ჩემს თეატრში, მაგრამ, როგორც პოლიტიკოს პაატა ბურჭულაძეს, მე არ შევხვდებითქო. ეს არის ჩემი უფლება. მე არ ვცემ იმ პარტიას პატივს, რომელი პარტიის გვერდითაც დგას პაატა ბურჭულაძე. ეს ეხება მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკოს პაატა ბურჭულაძეს. როგორ გგონიათ, მას ეთქვა, რომ შეხვედრა სურდა დასთან და მე ამის დაშლის უფლება მქონდა?”-აცხადებს ირინე ლომინაძე.