„როგორც კი დავინახავ, რომ „ნაციონალური მოძრაობისა“ და მისი გადმონაშთების უკან დაბრუნების რისკი არის ნულთან ახლოს, მაშინ ჩავთვლი, რომ პოლიტიკაში საქმე აღარ მაქვს“, – განაცხადა პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარემ თეა წულუკიანმა „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ეთერში.
გადაცემა „თავისუფალი ხედვის“ წამყვანის კითხვაზე, ბიძინა ივანიშვილმა წერილში და შემდეგ ინტერვიუშიც ისაუბრა, რომ მისთვის გარკვეული თვალსაზრისით ოცნებას წარმოადგენს, თავისი პარტია იხილოს ოპოზიციაში. თეა წულუკიანმა აღნიშნა: „ძალიან მინდა, რომ არამხოლოდ დადგეს ის დრო, რომ ოპოზიციაში გაგვიხდეს საქმე წასასვლელი, არამედ საერთოდ თუ სახლში წასასვლელი გავხდებით, ეს იქნება გადასარევი. „ქართულ ოცნებაში“ არ ვართ სკამებზე ჩაბღაუჭებულები, ეს შემიძლია, გითხრათ სრული პასუხისმგებლობით“.
მისივე თქმით, ძალიან დიდი ჩამონათვალია კოლეგების, რომლებიც ზუსტად იმავეს ფიქრობენ, რადგან ამ საკითხზე ხშირად საუბრობენ.
„ჩემთვის მდგომარეობა, მშვიდად წავიდე სახლში, არის ის – თუ გინდათ რადიკალად შემრაცხეთ – როგორც კი დავინახავ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ და მისი გადმონაშთების უკან დაბრუნების რისკი არის ნულთან ახლოს, მაშინ ჩავთვლი, რომ საქმე აღარა მაქვს პოლიტიკაში. ახლა რა პროცესებიც მიმდინარეობს, ჩემი თავი დამიჭერია, მიფიქრია, ხომ არ დგება ნელ-ნელა ეს დრო. მე სულაც არ მგონია, რომ ვარ კლასიკური პოლიტიკოსი. მე პოლიტიკაში ჩავები. ვიყავი ჩემთვის სტრასბურგში, ვმუშაობდი სასამართლოში და ვიყავი ბედნიერად. იმ თანამდებობიდან, რომელიც სიბერემდე შეიძლება მქონოდა, ისე რომ ვერავინ ვერც მომხსნიდა, უცბად დავბრუნდი საქართველოში და შევუერთდი იმ პატარა სულ პატარა ქვეყანას, რომელიც სრულ უიმედობაში იბრძოდა „ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ.
გუნდის პოზიცია მთლიანობაში შემიძლია, ნამდვილად გითხრათ, ბევრი გვარის ჩამოთვლა შემიძლია, რომ ყველა იქნებოდა ბედნიერი, რომ ქვეყანაში არ იყოს ასეთი პოლიტიზებული გარემო და ყველამ შევძლოთ, ახალგაზრდები ხართ, მართეთ ქვეყანა და მოდით, ჩვენ წავედით, დავისვენოთ. ჩვენ არ ვართ კლასიკური პოლიტიკის თაობა. ჩვენ ვართ თაობა, რომელიც ებრძოდა წამებასა და უმსგავსობას. ეს არ არის კლასიკური პოლიტიკა, სხვანაირი ტიპის ბრძოლაა“, – განაცხადა წულუკიანმა.