როგორც კი ინვენტარიზაცია დასრულდება, მასალები გადაეცემა გამოძიებას - წულუკიანი

პუბლიკა

კულტურისა და სპორტის მინისტრმა თეა წულუკიანმა „პირველ არხზე“ დაკარგული ექსპონატებისა და ინვენტარიზაციის პროცესის შესახებ ისაუბრა.

წულუკიანმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ 2 640 ექსპონატი ითვლება დაკარგულად.

წულუკიანი ამბობს, რომ ექსპონატების ინვენტარიზაციის პროცესი ჯერ კიდევ  მიმდინარეობს და ამ სამუშაოების ძირითადი ნაწილი წლის ბოლოსთვის დასრულდება.

მისივე თქმით, ამ ექსპონატების ბედის დადგენა მომავალში გამოძიების საქმეა. გამოძიებას შესაბამისი მასალები მას შემდეგ გადაეცემა, როცა ინვენტარიზაცია დასრულდება.

„იმ ჯგუფს, ვინც დამხვდა, ვუთხარი რომ მოდი, ჩავატაროთ ინვენტარიზაცია, იმიტომ, რომ გამოვუცხადე ნდობა. მათ ჩაატარეს ინვენტარიზაცია, რომელიც მერე ჩვენ გადავამოწმეთ და აღმოჩნდა, რომ მათ ინვენტარიზაცია არ ჩაუტარებიათ და უბრალოდ გააფორმეს, რომ ვითომ ინვენტარიზაცია ჩატარდა. ამის მერე ჩვენ რეალური ინვენტარიზაცია დავიწყვიტეთ და უკვე გაჩნდა უნდობლობა, იმიტომ, რომ ინვენტარიზაცია არ გულისხმობს მხოლოდ ქაღალდზე რაღაცის შედგენას. გულისხმობს კონკრეტულ ექსპონატთან მუშაობას, კონკრეტული ინვენტარის დოკუმენტთან მუშაობას და შემდეგ ასახვას იმისა, რა იყო, რა დაგვხვდა და ისტორიას და პასპორტიზაციას ექსპონატისა“, – განაცხადა წულუკიანმა.

ის ამბობს, რომ ამ დაკარგული ექსპონატების ბედს მომავალში გამოძიება დაადგენს.

„გამოძიება ჯერ ვერ იქნება დაწყებული, იმიტომ, რომ ინვენტარიზაციის პროცესი ჯერ გრძელდება, ეროვნული მუზეუმი გახლავთ ერთი დიდი ორგანიზაცია. ის ციფრები, რომლებიც მე პარლამენტის წინაშე წარვადგინე, არის მხოლოდ 22 სექტემბრის მდგომარეობით, ეს ალბათ გაიზრდება, რამდენიმე ფონდში ინვენტარიზაცია მიმდინარეა, როგორც კი დასრულდება ეს მასალები გადაეცემა გამოძიებას“, – განაცხადა წულუკიანმა.

წულუკიანი ამბობს, რომ ინვენტარიზაცია აქამდე იმიტომ ვერ გაკეთდა, რომ წლების განმავლობაში „ისე კარგად იყო შეფუთული“ მუზეუმების საქმიანობა, რომ „არანაირი ნიშანი არ ჩანდა იმისა, რომ რომელიმე მინისტრს ეჭვი შეჰპარვოდა“.