როგორც კი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნება, ჩვენი მოძრაობა პარტიად გადაკეთდება - ვასაძე

პუბლიკა

ჰომოფობიური, ქსენოფობიური და ულტრანაციონალისტური განწყობებით ცნობილმა ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ ვიდეომიმართვა გაავრცელა და პოლიტიკური გეგმების შესახებ ისაუბრა. ის საპარლამენტო არჩევნებისთვის პოლიტიკური პარტიის დაფუძნებას აანონსებს.

ვასაძე მიმართვის დასაწყისში ბოლოდროინდელ მოვლენებს შეეხო, ისაუბრა ქვეყნის სვლის მისეულ ხედვებზე, ასევე „საქართველოს ურანოპოლიტიკურ მისიაზე” და ბოლოს აღნიშნა:

„არა – მიმდინარე „ნაც-ქოცურ” ტილაობას, არა „ქოცების” ლიბერალურ ჭაობში ჩარჩენას, არა „ნაცების” ლიბერალურ ტირანიაში დაბრუნებას. გაუმარჯოს ჩვენს ერთს, დამოუკიდებელს, კავკასიის ერთგულს, მშრომელს და მეოჯახეს. ამისთვის შეიქმნა ჩვენი საზოგადოებრივი მოძრაობა – „ერთობა, რაობა, იმედი” [ერი], ამისთვის გადაკეთდება პოლიტიკურ პარტიად, როგორც კი დაინიშნება საპარლამენტო არჩევნები”, – აღნიშნა მან.