როგორც ქვეყანამ, დაიზიანა მეგობრებისა და პარტნიორების ნდობა - ჩუგოშვილი

პუბლიკა

საქართველოს პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა, ყოფილმა ვიცე-სპიკერმა, თამარ ჩუგოშვილმა ტელეკომპანია „ფორმულასთან“ ინტერვიუში საქართველოს საერთაშორისო პარნიორებთან ნდობის დაკარგვაზე ისაუბრა.

„მე მადარდებს ის, რომ, ვიდრე აი ამ ძალიან არასერიოზულ ნაბიჯებს დგამდა ხელისუფლება, ჩვენ ამასობაში, როგორც ქვეყანამ, როგორც ხალხმა, რომელსაც ჩვენი ხელისუფლება წარმოგვადგენს, იმდენად დაიზიანა ნდობა მეგობრების და პარტნიორების, რომ აი ამ ნდობას რამდენად აღადგენს… მე აღარ მგონია უკვე“, – აღნიშნა ჩუგოშვილმა.

ყოფილი ვიცე-სპიკერის განმარტებით, ახლა უკვე ძალიან რთული იქნება, რომ საქართველოს ხელისუფლებას, როგორც სანდო პარტნიორს შეხედონ; ნდობა წლების განმავლობაში შენდება.

„საქართველოში ხელისუფლებას უნდა ესმოდეს, ჩემი აზრით, ერთი მარტივი ფორმულა: იმისთვის, რომ ეს ქვეყანა მართო, თანაბრად საჭირო არის ორი რამ: ერთი არის შენი მოსახლეობის მხარდაჭერა, შენს მოსახლეობას მართლა უნდა უნდოდეს, რომ შენ იყო მისი წარმომადგენელი და მეორე, ძალიან მნიშვნელოვანი არის ის, რომ შენ ამ ქვეყნის პარტნიორებისთვის იყო კარგი, სანდო და მისაღები პარტნიორი. ეს ორივე არის ძალიან მნიშვნელოვანი და კარგავ, სამწუხაროდ, ერთს და მეორეს არ ვიცი, არჩევნებზე გამოჩნდება“, – ამბობს თამარ ჩუგოშვილი.