როგორც ყველა მსგავს შემთხვევაში, ამჯერადაც ვთხოვეთ, შეეწყვიტა შიმშილობა - საპატრიარქო სააკაშვილზე

პუბლიკა

საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს და ამბობს, რომ დღეს, ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, პატრიარქის მდივანმა, დეკანოზმა მიქაელ ბოტკოველმა საქართველოს მე-3 პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ციხეში მოინახულა და ეკლესიის სახელით სთხოვა, შეეწყვიტა შიმშილობა.

„უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, კათოლიკოს-პატრიარქის მდივანმა, დეკანოზმა მიქაელ ბოტკოველმა რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი მოინახულა.

დეკანოზმა მიქაელ ბოტკოველმა ბატონ მიხეილ სააკაშვილს გადასცა უწმინდესის დალოცვა, მოკითხვა და როგორც ყველა მსგავსი შემთხვევისას, ამჯერადაც ეკლესიის სახელით სთხოვა, შეეწყვიტა შიმშილობა, რადგან ეს არის არაქრისტიანული ქმედება“, – აღნიშნულია განცხადებაში.


კათოლიკოს-პატრიარქის მდივანი, დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად რუსთავის მე-12 დაწესებულებაში ცოტა ხნის წინ შევიდა. შესვლამდე მას ჟურნალისტებთან კომენტარი არ გაუკეთებია.