კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა „იმედის დილის“ ეთერში საუბრისას იმ ხელოვანების შესახებ დასმულ შეკითხვაზე, რომლებიც კლიშეებს ანგრევენ, უპასუხა, რომ სახელმწიფო ისეთ ფილმებს უნდა აფინანსებდეს, რომლებიც ახალგაზრდებს სამშობლოსა და თავისუფლების სიყვარულს ჩაუნერგავს, მიაწვდის სწორ ინფორმაციას იმაზე, თუ რა არის ადამიანის უფლებები, რა არის დეოკუპაციისთვის საჭირო.
„თქვენ ისიც თქვით, რომ ხელოვანს უნდა ჰქონდეს თავისუფლება, თუმცა ხელოვანის ნათქვამი ყოველთვის ყველას არ მოსწონს ხოლმე. მაგალითად, ფილმი „და ჩვენ ვიცეკვეთ“, რომელსაც დიდი აღიარება მოჰყვა საერთაშორისო ასპარეზზე, საქართველოში კი დიდი ვნებათაღელვა მოჰყვა. ისეთ ხელოვანებს, რომლებიც კლიშეებს ანგრევენ, ექნებათ თეა წულუკიანის მხარდაჭერა?“, – ჰკითხა გადაცემის წამყვანმა თეა წულუკიანს.
მინისტრმა შეკითხვას ასე უპასუხა:
„გააჩნია, რა იგულისხმება მხარდაჭერაში. თუ მხარდაჭერაში იგულისხმება მინისტრი, რომელიც მაინცდამაინც პროპაგანდას უწევს იმას, რაც თავად არ მოსწონს, ასეთი მხარდაჭერა შეიძლება არ იყოს, რადგან მე ვარ, ასევე არ დაგავიწყდეთ, მაყურებელი. მეც მაქვს ჩემი გემოვნება, ცუდი თუ კარგი, როგორც ყველას.
მაგრამ მე არ მაქვს ინფორმაცია, ეს ფილმი [„და ჩვენ ვიცეკვეთ“], ფინანსდებოდა თუ არა სახელმწიფოს მხრიდან. მაგრამ სახელმწიფომ უნდა დააფინანსოს, ჩემი აზრით, ისეთი ფილმები, რომლებიც, ერთი მხრივ, საზოგადოებას ხელს უწყობს და განსაკუთრებით, არავის ეწყინოს, მაინც გამოვყოფ ახალგაზრდა თაობებს. მათ უნერგავს სამშობლოს სიყვარულს, თავისუფლების სიყვარულს და აძლევს სწორ ინფორმაციას იმაზე, თუ რა არის ადამიანის უფლებები, რა არის დეოკუპაციისთვის საჭირო და ამ ახალგაზრდა თაობებში, ალბათ, ცალკე კიდევ ყურადღების მისაქცევ ჯგუფად უნდა გამოვყოთ ის ახალგაზრდები, ვინც არის ოკუპაციის გამო დევნილთა მესამე ან მეოთხე თაობა. იმისათვის, რომ მათ იცოდნენ მათი მშობლიური ადგილი, აფხაზეთი არის თუ ცხინვალის რეგიონი. ეს მტკივნეული საკითხებია და ხელოვნება ამასაც უნდა მოემსახუროს, ჩემი გადმოსახედიდან“, – განაცხადა მინისტრმა.