როგორი პირბადე რა შემთხვევაში უნდა გამოვიყენოთ | კულუმბეგოვის რეკომენდაციები

პუბლიკა

როგორი პირბადე რა შემთხვევაში უნდა გამოვიყენოთ, როგორ უნდა მოვიქცეთ, რომ თავიდან ავიცილოთ ხელით მეორადი ინფიცირება, რამდენ ხანში ერთხელ უნდა გამოვცვალოთ სამედიცონო პირბადე და ა.შ. – ამის შესახებ რეკომენდაციებს იმუნოლოგ-ალერგოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი „რუსთავი 2-თან” საუბრისას ჰყვება.

„დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა ალბათ რეკომენდაციები უნდა მოამზადოს პირბადეების ტარებასთან დაკავშირებით. ის უნდა იყოს აბსოლუტურად თანხვედრაში მსოფლიო რეკომენდაციებთან, რომელიც სწორედ იმ გამოწვევებმა გამოიწვია, რაზეც ახლა ჩვენ სწორი მინიშნებები გავაკეთეთ [კორონავირუსის] ახალ ვარიანტებთან დაკავშირებით“, – აღნიშნა კულუმბეგოვმა.

ე.წ. სამედიცინო პირბადე

მისივე თქმით, ვირუსის ადვილად გადამდები შტამის წინააღმდეგ ე.წ. სამედიცინო პირბადეები რომ უფრო ეფექტიანი იყოს, საჭიროა, რომ სამედიცინო პირბადის ზემოდან, კიდევ ერთი, მაგალითად ნაჭრის პირბადე ვატაროთ.

„ნიღაბი, რომელიც სამედიცინო თვალსაზრისით არის ცნობილი, თუ ჩვენ გვინდა, რომ აი ამ ახალი, ვირუსის ადვილად გადამდები ვარიანტის [კორონავირუსის ახალი შტამის] წინააღმდეგ უფრო მედგრები ვიყოთ, იგივე ამერიკის დაავადებათა ეროვნული ცენტრი ამბობს, რომ ეს უნდა იყოს ორმაგი ნიღბის ქვეშ მოქცეული. ეს არის ორი ფენა [Double Masking] – პირველი ფენა უნდა იყოს სამედიცინო ნიღაბი, ზემოდან შეიძლება იყოს ნაჭრის ნიღაბი, რომელიც სრულად უნდა ფარავდეს სამედიცინო ნიღაბს ისე, რომ სამედიცინო ნიღაბი არ უნდა ჩანდეს, აბსოლუტურად უნდა იყოს დამალული და შიგნით უნდა იყოს სამედიცინო ნიღაბი“, – განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა.

ორმაგი პირბადე

კულუმბეგოვის თქმით, ეს ეხება იმ მდგომარეობას, როდესაც მაგალითად ვართ შენობაში, სადაც ჰაერის ველტილაცია ვერ ხერხდება. ან მაშინ, როდესაც სიმჭიდროვეში უწევს ადამიანს ყოფნა, მაგალითად საზოგადოებრივ ტრანსპორტში.

„[ორმაგი პირბადის ტარების რეკომენდაცია] ეხება მდგომარეობას, როდესაც ვართ ისეთ სიტუაციაში, მაგალითად შენობის შიგნით, სადაც ვერ ხერხდება ველტილაცია (რაც ბუნებრივია, ცუდია). ან თბილისის პირობებში, ეს იქნება საქალაქო ტრანსპორტისთვის იდეალური რეკომენდაცია, როდესაც ჩვენ ვთხოვოთ ჩვენს თანამოქალაქეებს, რადგან ძალიან სიმჭიდროვეა მეტროში, ავტობუსებში, სამარშუტო ტაქსებში და ა.შ. ეს იქნება იდეალური გამოსავალი“, – ამბობს ბიძინა კულუმბეგოვი.

ე.წ. სამედიცინო პირბადეზე, იმუნოლოგ-ალერგოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი ამბობს, რომ პირბადის ეფექტიანობის შესანარჩუნებლად, საჭიროა პირბადის 3-4 საათში ერთხელ გამოიცვლას.

„სამედიცინო რეკომენდაცია არის, რომ [ე.წ. სამედიცინო პირბადის] ეფექტურობა დაახლოებით 3-4 საათის მანძილზე მერყეობს და ამიტომ, ის დღეში რამდენჯერმე უნდა გამოვცვალოთ (თუ ხანგრძლივად გვიწევს მისი ტარება). პირბადე იჟღინთება ჩვენი სუნთქვის პროცესში. არ მეგულება ადამიანი, საკუთარი ხელით მაინც რომ არ ეხებოდეს ან არ ისწორებდეს [პირბადეს] და ამიტომ, ხელით მეორადი ინფიცირება, კონტაგიოზურობა (ინფექციური დაავადებების თვისება გადაეცეს დაავადებულებიდან – ჯანმრთელებს) იზრდება.

სარქველიან პირბადე

მან ასევე ისაუბრა სარქველიან და უსარქველო რესპირატორებზე. სარქველიან პირბადეებთან დაკავშირებით მან ხაზი გაუსვა იმას, რომ მისი ტარება აუცილებელი იმ ადამიანისთვის, რომელიც მუშაობს ინფიცირებულ ადამიანთან. მისი გამოყენების აუცილებლობა და საჭიროება კლინიკის გარეთ არ არის.

„რაც შეეხება [სარქველიანი] სპეციფიკის ნიღაბს, რა საკვირველია, მას აქვს ძალიან მჭიდრო დგომა სახესთან და შესაბამისად, ნებისმიერი ვირუსის შეღწევის შესაძლებლობა მინიმუმამდე ჩამოდის. თუმცა ერთი კონკრეტულ ნიუანსზე მინდა გავამახვილო თქვენი ყურადღება – N95 ნიღაბი, ეს არის აუცილებელი იმ ადამიანისთვის, რომელიც მუშაობს ინფიცირებულ ადამიანთან. მისი ტარების აუცილებლობა და საჭიროება კლინიკის გარეთ არ არის, რადგან ეს არის ჯანმრთელი ადამიანის სატარებლად“, – განაცხადა კულუმბეგოვმა.

უსარქველო რესპირატორი

მანვე აღნიშნა, რომ უსარქველო რესპირატორები ასევე არის რეკომენდებული და ის დაცვის კარგი საშუალებაა.

„ნიღაბი, რომელიც არის მეორადად რეკომენდირებული და ის ცალსახად, ორმაგი ნიღბისგან დაიცავს ადამიანს, ეს არის ნიღაბი, რომელსაც აწერია K-N95. ეს არის K-N95 ნიღბის ფორმა, რომელიც არის აბსოლუტურად უნივერსალური, კარგი დაცვის საშუალება, ხოლო ფილტრიანი, რომელიც ახლა თქვენ ხელში გიჭირავთ – ეს არის იმ ადამიანისთვის, რომელიც თვითონ არის ჯანმრთელი და უვლის დაავადებულებს.

თუ ჯანმრთელი არ ვარ და მე ვარ ინფექციის მატარებელი, ეს ფილტრი არის სარქველი, რომელიც შიგნიდან გარეთ ჰაერს გამორტყორცნის. გარედან, დაბინძურებულ ჰაერს არ აძლევს შესვლის [უფლებას]. ამიტომ, საზოგადოებაში მსგავსი ტიპის სარქვლოვანი პირბადე არ უნდა ვატაროთ – საფრთხეს ვუქმნით გარშემომყოფებს. მე თუ ექიმი ვარ და დაავადებულს ვუვლი, მას საფრთხეს ვერ შევუქმნი. მე ვარ დაცული მაქსიმალურად. ხოლო, K-N95 ნიღაბს ვხმარობთ ისინი, ვისაც მაღალი რისკის შემცველობის სამსახური აქვს ან ფრონტლაინში მუშაობს. ეს სარქვლოვანი ნაწილი მას არ გააჩნია“, – აღნიშნა კულუმბეგოვმა.