როგორია COVID-19-ით განპირობებული სიკვდილიანობის სტატისტიკა საქართველოში | ანგარიში

პუბლიკა

„ერთი წელი Covid-თან ერთად” დაავადებთა კონტროლის ეროვნული ცენტრი (NCDC) მეხუთე, 2020 წლის შემაჯამებელ ანგარიშს აქვეყნებს. დოკუმენტში გაანალიზებულია მონაცემები 2020 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით. ანგარიშის ერთი თავი ეთმობა COVID-19-ით განპირობებული სიკვდილიანობას საქართველოში.

2020 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, COVID-19-ით დაავადებულებში ლეტალურად დასრულდა 2 528 შემთხვევა (ლეტალობის მაჩვენებელი 1.1%).

NCDC-ის სტატისტიკის მიხედვით, COVID-19-ით გარდაცვლილთა ასაკობრივ სტრუქტურაში 70 წელზე ნაკლები პაციენტები 43%-ს შეადგენდნენ, 30% 70-79 წლის და 27% 79 წელზე მეტი ასაკის პაციენტებზე მოდიოდა. სქესის მიხედვით 55.4%-ს შეადგენდნენ კაცები და 44.6% ქალები.

ანგარიშის მიხედვით, გარდაცვალების შესახებ სამედიცინო ცნობაში COVID-19-ით გარდაცვლილ პაციენტთა 62.2%-ს აღენიშნებოდა სხვადასხვა თანმხლები ქრონიკული დაავადება, მათ შორის 52%-ს აღენიშნებოდა კარდიოვასკულური დაავადებები და ჰიპერტენზია, დიაბეტი – 17.3%-ს, ხოლო ონკოლოგიური დაავადება – 4.3%-ს.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ყველა გარდაცვლილი პაციენტის შემთხვევაში დაავადების სიმძიმე იყო მძიმე ან კრიტიკული. ყველა შემთხვევაში დაავადება გართულებული იყო სუნთქვის უკმარისობით. გარდაცვლილთა 98.2%-ს აღენიშნებოდა პნევმონია, რესპირაციული დისტრეს სინდრომი აღენიშნა გარდაცვლილ პაციენტთა 25.4%-ს, ხოლო 23.5%-ში განვითარდა გულის უკმარისობა.