როგორია დასაქმებული დედების შრომითი უფლებები საქართველოში | კვლევა

პუბლიკა

საქართველოში დასაქმებული ქალების მხოლოდ 3%-ს აქვს კანონით მინიჭებული უფლება, ისარგებლოს დედობის სრულად ანაზღაურებადი შვებულებით. გამონაკლისია შემთხვევები, როდესაც დამსაქმებელი დამატებით ანაზღაურებას მათ საკუთარი სურვილით უხდის. დედობის შვებულების სახელმწიფო კომპენსაცია კი თვეში 167 ლარია, რაც საარსებო მინიმუმზე ნაკლებია. 

ამის შესახებ საუბარია კვლევაში, რომელიც საქართველოში დასაქმებული დედების შრომითი უფლებებს ეხება. კვლევა გაეროს ქალთა ორგანიზაციამ და ISET-მა წარადგინეს.

როგორც პრეზენტაციაზე აღინიშნა, საქართველოს შრომის კანონმდებლობა დასაქმებულთა სხვადასხვა ჯგუფისთვის განსხვავებულ სტანდარტებს აწესებს. ბავშვის მოვლის ანაზღაურებადი შვებულებაც ქალებისა და კაცებისთვის არათანაბრადაა ხელმისაწვდომი, რის გამოც პროფესიულ საქმიანობას უმეტესად ქალები თმობენ. ოჯახის საქმეებზე პასუხისმგებლობის აღებაც ძირითადად ქალებს უწევთ, ამიტომ რეპროდუქციულ ასაკში ისინი არაპროდუქტიულ თანამშრომლებად და ნაკლებად მიმზიდველ კადრად განიხილებიან. საბოლოოდ, ეს გარემოებები სამუშაო ძალაში ქალთა მონაწილეობაზე ნეგატიურად აისახება.

კვლევის ავტორები მიუთითებენ, რომ მიუხედავად ბოლო წლებში საქართველოს შრომის კოდექსში მნიშვნელოვანი პროგრესული ცვლილებებისა,  დედობის დაცვის თვალსაზრისით, კანონმდებლობა გაუმჯობესებას კვლავაც საჭიროებს.

ქვეყანას ამ დრომდე არ აქვს რატიფიცირებული შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის დედობის დაცვის 183-ე კონვენციაც; დოკუმენტი, რომელიც შრომის ბაზარზე ორსული ქალებისა და დასაქმებული დედების დასაცავად საჭირო მინიმალურ სტანდარტებს ადგენს. შესაბამისად, მისი რატიფიცირება დასაქმებული დედებისა და მათი ბავშვების უსაფრთხოების უზრუნველყოფის, ხელშეწყობისა და დაცვის მნიშვნელოვანი ფაქტორი იქნება.

კვლევა გაეროს ქალთა ორგანიზაციის რეგიონული პროექტის „ქალთა ეკონომიკური გაძლიერება სამხრეთ კავკასიაში“ ფარგლებში, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოსა (SDC) და ავსტრიის განვითარების ფონდის (ADC) დაფინანსებით ჩატარდა.