10 დეკემბერი ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დღეა. სოციალური სამართლიანობის ცენტრი კი აქვეყნებს 2022 წელს, ეთნიკური უმცირესობების უფლებრივი მდგომარეობის შეფასებას.
გთავაზობთ ცენტრის განცხადებას:
„ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების წინაშე მდგარ გამოწვევებს შორის განსაკუთრებული ხაზი უნდა გაესვას მოქალაქეობის პრობლემას, რომელიც ადამიანებისთვის სხვა უფლებების სარგებლობის საბაზისო უფლება და გარანტიაა. მოქალაქეობის პრობლემები განსაკუთრებით მწვავედ დგას ჯავახეთში მცხოვრები ათი ათზე მეტი ეთნიკური სომეხის პირის წინაშე, რომლებმაც შრომითი მიგრაციის გამო 2008 წლის ომის ფონზე საქართველოს მოქალაქეობა დაკარგეს; ასევე 90-იანი წლების კონფლიქტის დროს საქართველოდან გაქცეული ეთნიკური ოსების, რეპატრირებული მუსლიმი მესხებისა და ჩეჩენი ლტოლვილების (დაახლოებით 100 მდე ადამიანის) წინაშე.
2022 წლის ერთ-ერთ პოზიტიურ მოვლენად შეიძლება შეფასდეს საქართველოს პარლამენტის მიერ მომზადებული კანონპროექტი, „ისტორიულ-კულტურულ ტრადიციებთან შეუსაბამო გვარის შეცვლის უფლების შესახებ,“ რომელიც პოლიტიკურ დღის წესრიგში არადომინანტური ეთნიკური ჯგუფების უპრეცედენტო თვით-ორგანიზების შემდეგ დადგა. სამწუხაროდ, ამ დრომდე ჩვენთვის არ არის ცნობილი, თუ როგორია კანონპროექტის საჯარო განხილვისა და მიღების გეგმა და ვადები.
მიმდინარე წელს მნიშვნელოვანი იყო პარლამენტში ეთნიკური უმცირესობების განათლების საკითხებზე შექმნილი მოკვლევის ჯგუფის მუშაობა, რომელმაც აღიარა ის მნიშვნელოვანი გამოწვევები, რომელიც სომხურენოვანი და აზერბაიჯანულენოვანი თემებისთვის სკოლამდე, სასკოლო და უმაღლესი განათლების დონეზე ჩანს და რომელზეც არაერთი სამოქალაქო აქტორი წლების განმავლობაში აპელირებს. მათ შორის, ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ ადგილებში საბავშვო ბაღების კატასტროფულად დაბალი რაოდენობა, სკოლებში მასწავლებელთა არასაკმარისი რაოდენობისა და მკვეთრად დაბალი კვალიფიკაციის პრობლემა, ბილინგვური სახელმძღვანელოების დაბალი ხარისხი და სწავლების არასათანადო მეთოდოლოგია, მკვეთრად მაღალი ჩამორჩენა განათლების ხარისხში, უმაღლესი განათლების დონეზე დაფინანსების უსამართლო წესი. სამწუხაროდ, წლების განმავლობაში სახელმწიფოს არ აქვს ეთნიკური უმცირესობების განათლების მხარდაჭერაზე მიმართული სტრატეგია, სამოქმედო გეგმა და მისი ეფექტიანი მართვისთვის საჭირო ინსტიტუციური ინფრასტრუქტურა (კოორდინაციის, კონსულტაციების ეფექტიანი მექანიზმებით), რაც ამ სფეროში ძირეული ცვლილებების გატარებას ართულებს.
მიმდინარე წელს, როგორც წინა წლებში, ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ ადგილებში მწვავედ იდგა სოფლის მეურნეობის მიწებზე ხელმისაწვდომობის საკითხი. 2022 წელს, ნინოწმინდის სოფელ ყაურმაში, მარნეულის სოფელ თექალოში, საგარეჯოს სოფელ დუზაგრამში ადგილობრივი მოსახლეობა აპროტესტებდა და ეწინააღმდეგებოდა მათ სოფლებში მიწის უსამართლო და არათანაბარი განაწილების პრაქტიკას. აღნიშნული გვაფიქრებს, რომ მნიშნველოვანია სახელმწიფო სისტემურად მიუდგეს, წინა წლებში გავლენიანი პოლიტიკური და ეკონომიკური აქტორების მიერ მიწის მისაკუთრების თვითნებურ პრაქტიკებს და ადგილობრივი გლეხების სოციალური ინტერესების გათვალისწინებით რეფორმისა და ცვლილებების გეგმა შეიმუშავოს.
მიმდინარე წელს ისევ დადგა დღის წესრიგში სერვისის მომწოდებელი უწყებების (იუსტიციის სახლი მარნეულში) მხრიდან ეთნიკური უმცირესობებისთვის გასაგებ ენაზე თარგმანის რესურსების არარსებობის პრობლემა. სამწუხაროა, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები არა ერთ მუნიციპალიტეტში, ასევე სერვისის მიმწოდებელი უწყებები არ აღიარებენ ეთნიკური უმცირესობების უფლებას მიიღონ სასიცოცხლო ინფორმაცია და სერვისი მათთვის გასაგებ ენაზე.
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელი კიროვკაში მოსახლეობა აქტიურად ითხოვდა სოფლის ისტორიული სახელწოდების, მამეის დაბრუნებას, თუმცა, ადგილობრივი თვითმმართველობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში არ გაითვალისწინა მოსახლეობის მოთხვონა სოფელში დასახლების საერთო კრების ჩატარების შესახებ და გადაწვეტილება მიიღო ადგილობრივი მოსახლეობის მოსაზრების მოსმენის გარეშე.
2022 წელს ჩანდა პროტესტი სოფელ მუშევანში მცხოვრებ მოსახლეობაში, რომლებიც თითქმის 6 თვის განმავლობაში გამოხატავდა უკმაყოფილებას მათი სოფლის სიახლოვეს (დაახლოებით 800 მეტრში) კომპანია RMG-ის მიერ დაგეგმილი მოპოვებითი სამუშაოების მიმართ. ამ პროცესში კიდევ ერთხელ გამოჩნდა გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტის განხილვის პროცესში ეთნიკური უმცირესობების რეალური მონაწილეობისთვის საჭირო გარანტიების არარსებობის პრობლემა, რაც მეტწილად ენობრივი საჭიროებების გათვალისწინებას უკავშირდება. მოსახლეობისთვის პრობლემა იყო მათი საცხოვრებელი გარემოს სიახლოვეს მოპოვებითი სამუშაოების დაწყება, რომელიც ხარვეზიანი და უხარისხო გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტის პირობებში, მაღალ რისკებს და შიშებს ქმნის მათში. ამ ეტაპზე მოსახლეობასა და კომპანიას შორის მიმდინარეობს მოლაპარაკებები გარემოსდაცვითი და სოციალური გარანტიების მიღების თაობაზე, თუმცა, სამწუხაროა, რომ ეს პროცესი, გარემოსდაცითი გადაწყვეტილების მიღებამდე არ მოხდა და ახლა ის უფრო მეტად არაფორმალურ ხარიათს ატარებს.
ალტ-ინფოსა და კონსერვატიული პარტიის წევრები/მხარდამჭერები ღიად, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრნენ მარნეულელ აქტივისტს სამირა ბაირამოვას, მას შემდეგ რაც ამ უკანასკენლმა მარნეულში მდებარე კონსერავტიული პარტიის ოფისის ფასადი უკრაინის დროშის ფერებში შეღება. გარდა სიცოცხლის მოსპობის მუქარისა 2022 წლის 16 მარტს, ალტ-ინფოსა და კონსერვატიული მოძრაობის წევრები შეიკრიბნენ მარნეულში სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს ს. ბაირამოვას და მისცეს ორდღიანი ვადა კონსერვატიული მოძრაობის ბანერების აღსადგენად, წინააღმდეგ შემთხვევაში კი რელიგიური და ეთნიკური შუღლის გაღვივებით დამუქრნენ. პროკურატურამ სამირა ბაირამობა დაცვის სპეციალურ პროგრამაშიც ჩართო, თუმცა, გამოძიებას ამ დრომდე სხვა შედეგი არ მოჰყოლია. არ მომხდარა სავარაუდო დამნაშევეების იდენტიფიცირება და სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყება.
წელს შემაშფოთებელი იყო საზღვრის კვეთის დროს ჩრდილოეთ კავკასიელების შემოწმების სავარაუდოდ ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაციული პრაქტიკა, რაც საზღვარზე ცალკე ოთახში, მათი სპეციალური და უფრო რთული პროცედურით გამოკითხვას გულისხმობდა. იმ ფონზე, როცა რუსეთის სხვა მოქალაქეებს, რომლებიც სამხედრო მობილიზაციისგან თავის დაღწევას ცდილობდა, ხელისუფლება თავისუფლად უშვებდა საქართველოში, ჩრდილოეთ კავკასიელების შემოწმების სპეციალური და უფრო გართულებული წესი, როცა დღეების განმავლობაში ადამიანებს რიგში დგომა და შემოწმება უწევდათ, მიუღებელი იყო. საზოგადოებრივი პროტესტის შემდეგ რამდენიმე კვირაში ეს პრაქტიკა შეიცვალა, რაც პოზიტიურად უნდა შეფასდეს.
პრობლემური იყო პანკისის ხეობაში დაფიქსირებული პრაქტიკა, როცა სავარაუდოდ პოლიციამ უკრაინაში მიმდინარე სასტიკი ომის ფონზე ადგილობრივების მიერ საჯარო სივრცეებში დახატული იჩქერიის დროშები წაშალა, რასაც ადგილობრივების უკმაყოფილება მოყვა. ამ მოვლენებს შემდგომში მედიაშიც არასწორი ინტერპრეტაციები მიეცა და ადგილობრივი აქტივისტების მიმართ პრობლემური წინასწარგანწყოებების გავრცელებაც მოჰყვა.
აღსანიშნავია, რომ ბოლო წლების განმავლობაში არადომინანტური ეთნიკური ჯგუფებში თვალიშისაცემად გაიზარდა სამოქალაქო აქტივიზმი. 2022 წელს სამოქალაქო აქტივისტები სიტყვით გამოდიოდნენ მრავალ ათასიან დემონსტრაციებზე, აქტიურად ჩნდებოდნენ მედია სივრცეში და იწყებდნენ კამპანიებს. აქტივისტების მუშაობა ნაციონალისტური და მოძალადე ჯგუფების წინააღმდეგ თვალშისაცემი იყო სხვადასხვა რეგიონებში, მათ შორის მარნეულის მუნციპალიტეტში. აღნიშნული პროცესების შედეგად, 2022 წლის მონაცემებით საქართველოს მოსახლეობაში გაიზარდა ეთნიკური უმცირესობების უფლებების დაცვის მხარდაჭერის მაჩვენებელი. ამასთანავე, აქტივისტებმა უმცირესობების თემიდან მიიღეს ადამიანის უფლებათა დაცვის, ტოლერატობის ქომაგის და სხვა მსგავსი ჯილდოები”.