როგორია „მოპარული ხელფასის" პრაქტიკა საქართველოში | კვლევის შედეგები

პუბლიკა

ღირსეული შრომის პლატფორმამ, საქართველოში მოპარული ხელფასის ანგარიში გამოაქვეყნა, რომელიც ქვეყანაში „მოპარული ხელფასის” უკანონო პრაქტიკას და მასთან ბრძოლის სახელმწიფო სტრატეგიას აფასებს.

ანგარიშის თანახმად, გამოკითხვაში მონაწილეთა 88%-ს „მოპარული ხელფასის” გამო კუთვნილი შრომის ანაზღაურება სახლში სრულად ვერ მიაქვთ, მშრომელთა მოპარული ხელფასის საერთო ოდენობა კი დაახლოებით 25 მილიონს ლარს უტოლდება.

ანგარიში ეფუძნება პლატფორმის – მოპარული ხელფასის გამომთვლელის მონაცემებს, რომელიც 2020 წლის 10 დეკემბრიდან 2022 წლის 20 ივნისის ჩათვლით 3 167-მა დასაქმებულმა შეავსო. გამომთვლელის მონაცემების თანახმად, 2 789 დასაქმებული (მომხმარებელთა 88%) სამუშაო ადგილზე მინიმუმ ერთი ფორმის ხელფასის მოპარვის მსხვერპლი მაინც გამხდარა. მშრომელთათვის მოპარული ხელფასის შედეგად მიყენებული ეკონომიკური ზიანი წლიურად 25 585 074 ლარს, ხოლო ერთ დასაქმებულზე წლიურად საშუალოდ 8 079 ლარს უტოლდება.

პლატფორმის განმარტებით, მოპარული ხელფასი წარმოადგენს შრომითი კანონმდებლობის დარღვევას, რა დროსაც დამსაქმებელი დასაქმებულს არ უხდის (პარავს) მის კუთვნილ შრომის ანაზღაურებას, რაც შრომის კანონმდებლობის სხვადასხვა სახის დარღვევაში გამოიხატება, მაგალითად აუნაზღაურებელი ზეგანაკვეთური შრომა, ხელფასის უკანონო დაქვითვა, ანაზღაურებადი შვებულების არანაზღაურება და ა.შ.

ანგარიშის თანახმად, საქართველოში მოპარული ხელფასის ყველაზე გავრცელებული ფორმა არასამუშაო დროს მუშაობაა, რომელიც სამუშაო მოვალეობების ისეთ დროს შესრულებას მოიცავს, რომელსაც დასაქმებულებს ანაზღაურებად სამუშაო დროში არ უთვლიან. გამოკითხულთა 75.5% მიუთითებდა დამატებითი ანაზღაურების გარეშე არასამუშაო დროს მუშაობაზე.

ასევე, ხელფასის მოპარვის გავრცელებულ ფორმას წარმოადგენს ზეგანაკვეთური შრომის არანაზღაურება. გამომთვლელის მონაცემებით, მიუხედავად კანონმდებლობის მოთხოვნისა შრომითი ხელშეკრულებით განისაზღვროს ზეგანაკვეთური შრომის გაზრდილი ანაზღაურების ტარიფი, მხოლოდ გამოკითხულთა 11.7%-ის ხელშეკრულება განსაზღვრავს მსგავს ტარიფს. ამასთანავე, 1 253 გამოკითხულიდან (39.6%), რომელიც მიუთითებდა ზეგანაკვეთური შრომის დამსაქმებლის დავალებით შესრულებაზე, 1 072 მშრომელი (85.6%) მიუთითებდა, რომ ამ შრომისთვის ანაზღაურება არ მიუღიათ.

ანგარიში ასევე აფასებს შრომის ინსპექციისა და სასამართლოების პრაქტიკას ხელფასის მოპარვასთან ბრძოლაში.

2021 წლის განმავლობაში შრომის ინსპექციის მიერ შრომითი უფლებების ზედამხედველობის მიზნით შემოწმებული 249 ობიექტზე გამოვლენილი 1 766 დარღვევიდან, 357 დარღვევა (20%) სავარაუდოდ ხელფასის მოპარვის პრაქტიკას უკავშირდება.

„ამ მხრივ განსაკუთრებით საგანგაშო მდგომარეობაა ჯანდაცვის სექტორში, სადაც დასაქმებულთა მნიშვნელოვანი ნაწილი ისედაც უკიდურესად დაბალ ანაზღაურებაზე მუშაობს. შრომის ინსპექციის მიერ შემოწმებული 110 კლინიკიდან 86 კლინიკაში (შემოწმებულ კლინიკათა 78%-ში) ხელფასის მოპარვა დაფიქსირდა (სახელმწიფოს მიერ მიწოდებული, სამედიცინო პერსონალისთვის გამიზნული ე.წ კოვიდ დანამატი ან არ გაუციათ, ან დანაკლისით გასცეს).

კოვიდ დანამატების გარდა, ზოგიერთ კლინიკაში თვეების განმავლობაში არ გაიცემა ძირითადი ხელფასიც, მაგალითად ერთ-ერთი კლინიკის ინსპექტირების ანგარიში აჩვენებს, რომ 2020 წლის სექტემბრიდან, 2021 წლის აგვისტოს ჩათვლით ხელფასი 129 თანამშრომლიდან გაიცა მხოლოდ 2 პირის მიმართ, და ამ თვეების განმავლობაში დასაქმებულთათვის მოპარული ხელფასის საერთო ოდენობა 626 460 ლარს უტოლდება.

ანგარიშის თანახმად, საქართველოში მოპარული ხელფასის ასევე დამკვიდრებულ ფორმებს წარმოადგენს:

► ხელფასის უკანონო დაქვითვა, რომლის თაობაზეც 492 დასაქმებულმა (15.5%) მიუთითა.

► ანაზღაურებადი შვებულების არანაზღაურება: იმ დასაქმებულთა 57%-მა რომელთაც კანონით შვებულება ეკუთვნოდათ, მიუთითა, რომ მათ ან საერთოდ არ მისცეს კუთვნილი შვებულება ან სრულად ვერ შეძლეს 24 დღის გამოყენება.

► ავადმყოფობის დროს გაცდენილი დღეების არანაზღაურება: 351 დასაქმებულიდან 221 ადამიანმა (63.0%) განაცხადა, რომ სჭირდებოდა ავადმყოფობის გამო შვებულება, ხოლო მათგან 91-მა (41.2%) განაცხადა, რომ არ აუნაზღაურდათ გაცდენილი დრო.

► გადაუხდელი ჩაის თანხა (tips): სულ 281 მომხმარებელმა განაცხადა, რომ მათი დამსაქმებელი აგროვებს ჩაის თანხას. მათგან 184-მა თქვა, რომ ამ თანხიდან არაფერი არ მიუღიათ – 65,5%.