როგორია ქვეყანაში „რემდესივირით“ მკურნალობაზე მოთხოვნა და რა შედეგებია ამ ეტაპზე | გაბუნიას განმარტება

პუბლიკა

საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, ჯანდაცვის მინისტრის მოდაგილე თამარ გაბუნიამ ჟურნალისტებთან კორონავირუსის წინააღმდეგ რემდესივირის მედიკამენტის გამოყენებაზე ისაუბრა.

„დღეს დილის მონაცემებით, რემდესივირზე მოთხოვნა 178 პაციენტზე გაკეთდა. აქედადან 167 მოთხოვნა კომისიის მიერ დაკმაყოფილდა. პაციენტების მდგომარეობა, ვინც იღებს რემდესივირს, არის დამაკმაყოფილებელი. ამ ჯგუფში 2 იყო გარდაცვალების შემთხვევა. დანარჩენი პაციენტებიდან ზოგმა დაასრულა მკურნალობა და დაუბრუნდა ჩვეულ ცხოვრებას, ნაწილი კვლავაც რჩება კლინიკაში“, – აღნიშნა თამარ გაბუნიამ.

მინისტრის მოადგილის თქმითვე, ამ შემთხვევაში რამდენად დაკავშირებული იყო კოვიდპაციენტების მდგომარეობის გაუმჯობესება რემდესივირის ეფექტთან, ამ ტიპის მონაცემები ამაზე მსჯელობის საშუალებას არ იძლევა.

„ეს არ არის კლინიკური კვლევა, ეს არის რემდესივირის გამოყენება კლინიკურ პრაქტიკაში. ამაზე ანალიზი ჩატარდება ინდივიდუალურ დონეზე. ამ შემთხვევაში, ამ პროცენტს ანალიზისთვის არ აქვს მნიშვნელობა. დიდი უმრავლესობა პაციენტებისა, რომელმაც რემდესივირი მიიღო გამოჯანმრთელდა ან აგრძელებს მკურნალობას ჩვენს კოჰორტაში. თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ეს შედეგი უკავშირდება რემდესივირის ეფექტს. ამ ტიპის ანალიზი ასეთი დასკვნის საშუალებას არ იძლევა.

ჩვენ მივყვებით იმ რეკომენდაციას, რაც არის აღწერილი FDA-ის [წამლისა და საკვების ადმინისტრაციის] დასკვნაში, რაც არის აღწერილი ჩვენს გაიდლაინში და ასევე, ამერიკის ინფექციურ დაავადებათა საზოგადოება (IDSA) უჭერს მხარს რემდესივირის გამოყენებას“, – აღნიშნა თამარ გაბუნიამ.

გაბუნიას თქმითვე, საქართველოს ჯანდაცვის სისტემა მიყვება ამ ორ გაიდლაინს, რომელიც ემყარება იმ ადრეულ მტკიცებულებებს, რაც რემდისივირის შესახებ არსებობდა.

„ამ ეტაპზე, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია [WHO] არ აძლევს რეკომენდაციას რემდესივირის გამოყენებას გამომდინარე იქიდან, რომ მან საკმარისი მტკიცებულებები რემდისივირის ეფექტურობის ცალსახა დასადასტურებლად ვერ მოიპოვა. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ რემდესივირის გამოყენება აკრძალულია კლინიკურ პრაქტიკაში.

პრაქტიკა არის არაერთგვაროვანი და ამ შემთხვევაში ჩვენი მიდგომა იყო ის, რომ აუცილებლად ჩვენს პაციენტს უნდა ჰქონდეს წვდომა ყველა იმ საშუალებაზე, რომლის ეფექტურობა გარკვეულწილად იმედის მომცემია და პერსპექტივაში, შესაძლოა სარგებლიანი იყოს. ამ შემთხვევაში სარგებლისა და რისკის გათვალისწინებით ეს ჯგუფი, კლინიკური ექსპერტების დასკვნის საფუძველზე იღებს ამ მედიკამენტებს და ჯერ-ჯერობით პრაქტიკა არის დამაკმაყოფილებელი“, – აღნიშნა თამარ გაბუნიამ.