როგორია სწრაფი კვების ობიექტებში დასაქმებულთა შრომის პირობები

პუბლიკა

პროფკავშირების ახალგაზრდულმა ფრთამ „სწრაფი კვების ობიექტებში დასაქმებულთა შრომის პირობების კვლევის“ პრეზენტაცია გამართა.

ახალი კვლევის მიხედვით, სწრაფი კვების რესტორანთა ქსელში დასაქმებულთა საშუალო ხელფასი 494 ლარია.

ხელფასი

სწრაფი კვების ობიექტებში დასაქმებულთა 59%-ის ანაზღაურება შეადგენს 301-500 ლარს,  27%-ის ხელფასი 501-700 ლარია, 701-1000 ლარამდე  6% იღებს და 1000 ლარიდან ზემოთ – 1%;

კვლევის მიხედვით, რეგიონებში უფრო დაბალია ანაზღაურება, ვიდრე ქალაქში. ქალაქში, საშუალოდ, 500 ლარია დასაქმებულის ხელფასი, ხოლო რეგიონებში – 300 ლარი.

დანკინ დონატსში დასაქმებულთა 33% აქვს 300-500 ლარამდე ანაზღაურება;

მაკდონალდში 53%-ს აქვს 500-700 ლარამდე ანაზღაურება;

საბვეიში 50%-ს აქვს 500-700 ლარამდე;

ლუკა პოლარეში 59% იღებს ანაზღაურებას 500-700 ლარამდე,

ვენდისში 60%-ს ანაზღაურება აქვს 500-700 ლარამდე

დომინოს პიცაში მომუშავეთა 40% იღებს ანაზღაურებას 500-700 ლარამდე.

სამუშაო დრო

კვლევის მიხედვით, სწრაფი კვების ობიეტებში დასაქმებულები, ძირითადად, საშუალოდ 8.35 საათს მუშაობენ – კვირაში 5 დღე, რაც საშუალოდ კვირაში 44 საათი გამოდის. დასაქმებულთა 69%-ს უწევს ზეგანაკვეთური მუშობა, მათ 54%-ს ეს შრომა არ უნაზღაურდება. მომუშავე პერსონალის 75%-ს თავის მოვალეობებთან ერთად უწევს სხვა მოვალეობების შესრულებაც, დასაქმებულთა 82% არ იღებს ანაზღურებას სადღესაწაულო დღეებში მუშაობისას, რომელიც კანონით არის გათვალისწინებული.

„დასაქმებულთა 51 % სრულად ვერ იყენებს კანონით განსაზღვრულ 24-დღიან ანაზღაურებად შვებულებას. ცალკეულ შემთხვევებში, რესპონდენტები ასახელებდნენ იმ ფაქტსაც, რომ ბიულეტინის დროს გაცდენილი საათები არ უნაზღაურდებათ, შესაბამისად, არ აქვთ სურვილი მისი გამოყენების. სამსახურში ხელფასიდან თანხის ჩამოჭრას რაც შეეხება აღმოჩნდა, რომ უმეტესწილად მოლარეები ჯარიმდებიან, სალაროში თანხის დაკლების შემთხვევაში, რომლებსაც უშუალოდ თანხასა და სალაროსთან აქვთ კონტაქტი“, – ვკითხულობთ კვლევაში

თემის საკვლევად გამოყენებულია მეთოდთა ტრიანგულაციური მიდგომა, კერძოდ გაერთიანებულია თვისებრივი და რაოდენობრივი მეთოდი. კვლევა მიმდინარეობდა მაკდონალდსის, ვენდისის, დანკინ დონატსის, საბვეის, ლუკა პოლარესა და დომინოს პიცის დასაქმებულებთან. კვლევის ფარგლებში გამოიკითხა 350 რესპონდენტი, რომელთაგანაც 79% იყო მდედრობითი სქესის, ხოლო 21% მამრობითი სქესის წარმომადგენელი, აქედან რესპონდენტთა ასაკი მერყეობდა 15 წლიდან 36 წლისა და უფროს რესპონდენტებამდე. კვლევა ჩატარდა საქართველოს ექვს ქალაქში (თბილისში, ბათუმში, გორში, რუსთავში, ზესტაფონსა და ქუთაისში). კვლევის შერჩევისას გამოყენებულია თოვლის გუნდის მეთოდი. კვლევა მიმდინარეობდა სამი თვის განმავლობაში, ივლისის თვეში შემუშავდა კვლევის დიზაინი და ინსტრუმენტი, აგვისტოს თვეში მიმდინარეობდა საველე სამუშაოები, სექტემბრის თვე კი მთლიანად დაეთმო კვლევის მოცემული მონაცემების შესწავლას და კვლევის ანალიზს. კვლევის ანალიზი მომზადდა SPSS საშუალებით, რომელმაც მიღებული მონაცემები დათვალა 95%-იანი სანდოობით.