ნაფიცმა მსაჯულებმა როინ შავაძის საქმეზე ბრალდებულებს გამამტყუნებელი ვერდიქტი გამოუტანეს

პუბლიკა

როინ შავაძის საქმეზე ნაფიცი მსაჯულების ვერდიქტი გამოცხადდა. მსაჯულებმა 2 დაკავებულის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანეს.

თავდაცვის სამინისტროს სერჟანტის როინ შავაძის განზრახ მკვლელობასა და მისი უკანონო დაკავებისთვის დამნაშავეებად ცნეს აჭარის კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის მთავარი სამმართველოს უფროსი ალი ბალაძე და ყოფილი სპეცრაზმელი მამუკა ბერიძე.

ორივე მათგანს 12 წლიანი პატიმრობა მიესაჯა.

„კონსტიტუციური უსაფრთხოების თანამშრომლებმა ჩაცხრილეს თავდაცვის სამინისტროს თანამშრომელი, ჯარისკაცი როინ შავაძე. ნაფიც მსაჯულთა შემადგენლობამ ბრალდების ყველა ნაწილში ორივე ბრალდებულის მიმართ გამოიტანა გამამტყუნებელი ვერდიქტი”, – ამბობს ბრალდების მხარე.

გადაწყვეტილების გამოცხადებას ხმაური მოჰყვა სასამართლოს დარბაზში. დაკავებულების ოჯახის წევრებმა ნაფიცების ვერდიქტი გააპროტესტეს. ისინი ამბობენ, რომ რეალურ დამნაშავეებს ხელს ადებენ, რომლებიც, მსჯავრდებულების ახლობლების თქმით, დღემდე თანამდებობებზე არიან და „ხელშეუხებლობის გარანტია აქვთ”. 

თავდაცვის სამინისტროს ბრიგადის სერჟანტის, 2008 წლის აგვისტოს ომის მონაწილის როინ შავაძის უკანონო დაკავებისა და განზრახ მკვლელობის ბრალდებით კიდევ ორი პირი 2024 წლის თებერვალში დააკავეს.

ბრალდებულების მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებით (ჯგუფურად ჩადენილი, დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით უმწეო მდგომარეობაში მყოფის განზრახ მკვლელობა) და სსკ-ის 147-ე მუხლის მე-3 ნაწილით  (განზრახ უკანონო დაკავება, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია) მიმდინარეობდა.

საქართველოს გენერალური პროკურატურის ბრალდების თანახმად, მათ მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ როინ შავაძეს აჭარის კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის მთავარი სამმართველოს უფროსმა შეაგინა და დაემუქრა, რომ სამაგალითოდ დასჯიდა, რის შემდეგაც კუდ-ის სპეცდანიშნულების რაზმის თანამშრომლები, მთავარი სამმართველოს უფროსისა  და მისი მოადგილის ხელმძღვანელობით, როინ შავაძეს ერთ-ერთ კაფეში თავს დაესხნენ და ავტომატის კონდახების გამოყენებით სასტიკად გაუსწორდნენ. როინ შავაძე, რომელმაც ძალადობის შედეგად სიცოცხლისთვის სახიფათო, სხეულის მძიმე ხარისხის დაზიანებები მიიღო, შემთხვევის ადგილიდან წაიყვანეს.

ფიზიკური ანგარიშსწორების შემდეგ, სპეცდანიშნულების რაზმის წევრებმა მთავარი სამმართველოს უფროსის და მისი მოადგილის  ხელმძღვანელობით, როინ შავაძე მკვლელობის მიზნით ქობულეთი-ქაქუთის საავტომობილო გზის მიმართულებით წაიყვანეს. უმწეო მდგომარეობაში მყოფი ავტომანქანიდან გადაიყვანეს და კალაშნიკოვის სისტემის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღებიდან მრავალჯერადი გასროლებით მოახდინეს მისი ლიკვიდაცია.