რომ არა ასეთი „დაყროყინება“, არ მგონია, საზოგადოების ყურადღება მიიქციოს - ვოლსკი

პუბლიკა

„საზოგადოების დიდ ნაწილს დაავიწყდა გახარიას არსებობა პოლიტიკურ ველზე და რომ არა ასეთი „დაყროყინება“, მე არ მგონია, რომ სხვაგვარად შეუძლია ყურადღება მიიქციოს“, – ასე გამოეხმაურა გიორგი ვოლსკი ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას განცხადებას და ივანიშვილის პოლიტიკურ დებატებში გამოწვევას.

გიორგი ვოლსკის თქმით, გახარიამ გრძელი გზა გაიარა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში, ჰქონდა ურთიერთობა ბიძინა ივანიშვილთანაც და არ ფიქრობს, რომ მას „რაიმე რეალური ჰქონდეს დარღვევებსა და გადაცდომებზე“.

„მან განცხადება გააკეთა კორუფციის, ივანიშვილის ოლიგარქობის თაობაზე და მე არ ვფიქრობ, რომ ის, როგორც პოლიტიკოსი და თუნდაც, როგორც პიროვნება საუკეთესო მხარით წარმოდგა საზოგადოების წინაშე.

მან ვრცელი გზა გაიარა, ბიზნესომბუდსმენობიდან პრემიერ-მინისტრობამდე და არ მგონია, ადამიანს, ვისაც გარკვეული ურთიერთობა გააჩნდა თუნდაც ბიძინა ივანიშვილთან, მის გუნდთან, რაიმე რეალური ჰქონდეს იმასთან დაკავშირებით, რომ დარღვევები და გადაცდომები არსებობდა, არ შეიძლება რაიმე სხვა საფუძველი ჰქონდეს ამ განცხადებისთვის, თუ არა პოლიტიკური მიზანი და სპეკულაცია“, – თქვა გიორგი ვოლსკიმ.

გიორგი გახარიას განცხადებას გამოეხმაურა დღეს „ქართული ოცნების“ დეპუტატი დიმიტრი სამხარაძეც. დიმიტრი სამხარაძემ გახარიას „Lufthansa-ს სტიუარდესა“ და „Криса“ უწოდა და ივანიშვილის ოლიგარქად მოხსენიებისთვის გააკრიტიკა.

„შენ, „Криса“ კაცო, რუსეთში Lufthansa-ს „სტიუარდესა“ იყავი, გუნდში მიგიღეთ. ვეცადეთ კაცად გვექციე, პრემიერი გაგხადეთ, ბევრს ეშმაკობდი გუნდში, მუდამ აზარალებდი შენი გადაწყვეტილებებით პარტიას და სამწუხაროდ, მაინც გიცავდით!

მერე ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ნაცებს გაუწექი, მიეყიდე, გვიღალატე და არჩევნებში დაგვიპირისპირდი. ქუჩა-ქუჩა დაძუნძულებდი, ხალხს აბოლებდი, ბიძინა ივანიშვილი მიჭერს მხარსო და ახლა გახდა ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქი? შენ ქალებს რა უნდა მოკითხო, როდესაც თავად ხარ აფერისტი ქალოია“, – სექსისტური ფრაზით ასრულებს Facebook-ზე სტატუსს დიმიტრი სამხარაძე.


გიორგი გახარიამ სოციალურ ქსელით გაავრცელა ვიდეო, რომელიც სათვალთვალო კამერით არის გადაღებული. კადრებში ტელეკომპანია „იმედის“ ჟურნალისტი ჩანს, რომელიც, სავარაუდოდ, შეკითხვებს უსვამს გახარიას. ვიდეოს გავრცელებასთან ერთად გახარიამ ტელეკომპანია „იმედს“ მიმართა, რომ სახლში მიკითხვის მაგივრად, ტელეეთერში მიიწვიონ.

„TV Imedi, როგორც ჩანს, ბევრი კითხვა დაგიგროვდათ. დავსხდეთ თქვენს ეთერში და ვისაუბროთ პოლიტიკურ კორუფციაზე, ოლიგარქიაზე, იმაზე, თუ როდიდან დაიწყო ქვეყნის საგარეო კურსის ცვლილება. ჩუმად სახლში დადგომას ასე სჯობს. ნებისმიერ თქვენთვის მისაღებ ფორმატში – გნებავთ იყოს დებატების ფორმატი, მეორე მხარეს ბიძინა ივანიშვილი დასვით, „ქართული ოცნების“ ბოსები, ან თუნდაც მთლიანად ის, რაც ქართული ოცნებიდან დარჩა“, – წერს ის facebook-ზე.