„დამნაშავესთან ვერ შერიგდები, თუ დამნაშავემ დანაშული არ აღიარა“, – განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ „პალიტრანიუსის“ ეთერში შერიგებისა და პოლარიზაციის დაძლევის პროცესზე საუბრისას. ირაკლი კობახიძის თქმით, დანაშაულის ჩამდენი პოლიტიკოსი პოლიტიკიდან უნდა მიდიოდეს. მაგალითად კი მოიყვანა ნიურნბერგის პროცესი.
„რომ არ მომხდარიყო ნიურნბერგის პროცესი, ჰიტლერი მინიმუმ 30-40 პროცენტს აიღებდა გერმანიაში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, რადგან იყო რაღაც სენტიმენტები. ამიტომ არის საჭირო პოლიტიკური სტანდარტი და სამართლებრივი შეფასება. შევაფასოთ, გინდ ნიურნბერგის პროცესი იყოს, გინდა ბუენოს-აირესის. მთავარია რაღაცა შეფასება გაკეთდეს იმისთვის, რომ თეორიულად დავუშვათ საუბარი შერიგებაზე. შერიგების წინაპირობა უნდა იყოს ის, რომ დანაშაული უნდა იყოს დაფიქსირებული, აღიარებული და შემდეგ განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ ასეთი დანაშაულის ჩამდენ პოლიტიკოსებს აღარ გვეკუთვნის პოლიტიკაში დარჩენა. თუ ეს ყველაფერი არ უნდათ, ეს ჩვენი ინიციატივა არ იყო“, – განაცხადა კობახიძემ.
მისივე თქმით, გულისხმობს არა „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკიდან გასვლას, ან მის გაუქმებას, არამედ „ლიდერებს სააკაშვილი-უგულავა-ბოკერია, ვინც ლიდერები იყვნენ ამ დანაშაულებრივი სისტემის“.