„რომ შევუშვათ, მოხდება უფრო მეტი დაძაბულობა" - გომელაური ნამახვანჰესზე

პუბლიკა

„რომ შევუშვათ, მოხდება უფრო მეტი დაძაბულობა”, – ასე ეხმაურება შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური ნამახვანჰესის წინააღმდეგ პროტესტს და გუმათჰესთან აღმართულ პოლიციის ბარიკადებს.

მისივე თქმით, პოლიცია, დაპირისპირების თავიდან ასაცილებლად გამოიყენებს ყველა საჭირო ზომას, იქნება ეს საპოლიციო ძალა, რკინის ჯებირები თუ საჭიროების შემთხვევაში, სპეცრაზმი და მისი აღჭურვილობა.

„ნამახვანჰესს რაც შეეხება, ხედავთ თქვენ, რომ პოლიციელები რამდენიმე თვეა, რაც დგანან იქ და მაქსიმალურად ცდილობენ, რომ არ მოხდეს შეხლა-შემოხლა.

თქვენ ნახეთ, გუშინ ხელი დაარტყეს პოლიციელებს, რაც ძალიან ცუდია და ასეთი რაღაც არ უნდა ხდებოდეს. თუმცა, ამ დრომდე ასეთი რაღაც არ მომხდარა, ნამდვილად და მომიტინგეები, აქციის მონაწილეები იცავდენ დისტანციას და იყვნენ ძალიან წყნარად, გუშინ რატომღაც აგრესია გამოხატეს…

რკინის ჯებირები დაგვჭირდება, თუ დაბალი ჯებირები, რაც დაგვჭირდება, იქიდან გამომდინარე, რომ არ მოხდეს დაპირისპირება… იცით, რომ ერთხელ ტექნიკა დაუწვეს, მოხდა შეხლა-შემოხლა მუშებთან და „ენკას” ფირმის ადგილობრივ ხელმძღვანელობასთან. რომ შევუშვათ, მოხდება უფრო მეტი დაძაბულობა, შეიძლება, დაშავდნენ კიდეც ადამიანები…

[ვითარებას] სპეცრაზმიც განმუხტავს და პოლიციელებიც მუხტავენ ჯერჯერობით…

სპეცდანიშნულების რაზმს რაც აქვს აღჭურვილობა – გაზი იქნება, წყლის ჭავლი იქნება თუ რაც იქნება, თუ მოხდება ძალადობა პოლიციაზე, მათ კანონიერი უფლება აქვთ, ყველაფერი გამოიყენონ”, – ამბობს გომელაური.


მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის” აქტივისტები და მათი მხარდამჭერები, ბოლო პერიოდია, გუმათჰესთან არიან შეკრებილები და მოითხოვენ, პოლიციამ აიღოს რკინის ბარიკადები და სოფელ ნამოხვანში გადასვლისა და პროტესტის იქ გაგრძელების შესაძლებლობა მისცეს. გოლეთიანი ამბობს, რომ სანამ მათი მოთხოვნები არ შესრულდება, პროტესტს არ შეწყვეტენ.

ნამახვანჰესის წინააღმდეგ მოძრაობის მოთხოვნებია:

  1. გაწყდეს 2019 წლის 25 აპრილის ხელშეკრულება საქართველოს მთავრობასა და კომპანია „ენკა“ შორის მდინარე რიონზე დაგეგმილი ნამოხვანის ჰესების კასკადის მშენებლობის შესახებ და კომპანიამ დატოვოს რიონის ხეობა;
  2. გაუქმდეს განკარგულება, რომლის საფუძველზეც, კომპანია „ენკას“ საკუთრებაში და ასევე, სარგებლობის უფლებით სხვადასხვა მუნიციპალიტეტში ტერიტორიები გადაეცა;
  3. გაუქმდეს ნამოხვანის ჰესების კასკადზე 2015 წელს გაცემული სამშენებლო ნებართვა და სხვა მასზე დაფუძნებული ყველა დოკუმენტი;
  4. თანამდებობიდან გადადგეს ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა და დადგეს ყველა იმ პირის პასუხისმგებლობის საკითხი, რომლებიც ხელს აწერენ კონკრეტულ დოკუმენტებს პროექტთან დაკავშირებით;
  5. გამოცხადდეს მორატორიუმი ქვეყანაში დაგეგმილ ენერგოპროექტებზე და დიალოგის პროცესში განისაზღვროს ქვეყნის ენერგოპოლიტიკასთან დაკავშირებული საკითხები.