დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე თბილისის მერმა განაცხადა, რომ 18-მეტრიანი ავტობუსები იანვრიდან ჩაანაცვლებენ 12-მეტრიან ავტობუსებს მარშრუტებზე – N301, N302, N308, N314.
კალაძის თქმით, ამ მარშრუტებზე დღიურად 55 ათასი მგაზვრობა ფიქსირდება, ახალი ავტობუსით კი გამტარუნარიანობა 50%-ით გაიზრდება. გამოთავისუფლებული 12-მეტრიანი ავტობუსები სხვა მარშრუტებს დაემატება.
„მომავალი წლიდან დედაქალაქში 18-მეტრიანი ავტობუსები იმოძრავებს წინასწარ განსაზღვრულ დერეფნებზე, რომელიც საერთაშორისო კონსულტანტებთან ერთად კვლევის შედეგად, მაღალი მგზავრთნაკადის გათვალისწინებით შეირჩა“, – აღნიშნა მან.
მერიის ცნობით, გამოთავისუფლებული 12-მეტრიანი ავტობუსები დაემატება შემდეგ მარშრუტებს: N304, 305, 307, 309, 310, 311, 313, 315, 319, 320, 321, 323, 326, 336, 339, 351, 370, 372, 381, 385, 388 და 393.
აღნიშნულ მარშრუტებზე დღიურად, ჯამში, 212 167 მგზავრობა ფიქსირდება, რაც ქალაქში ავტობუსით მგზავრობის საერთო რაოდენობის თითქმის 50%-ს შეადგენს.
ამასთან, N387 მარშრუტზე 8-მეტრიანი ავტობუსები ჩანაცვლდება 12-მეტრიანებით, რის შედეგადაც გამტარუნარიანობა გაიზრდება 70%-ით, ხოლო N293 მარშრუტზე 8- მეტრიანი ავტობუსების ჩანაცვლებით, შემცირდება მოლოდინის დრო და გამტარუნარიანობა გაიზრდება 155%-ით.
7 ნოემბერს კალაძემ განაცხადა, რომ დეკემბრის ბოლოს 50 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსი შემოვა საქართველოში და იანვრის ბოლოდან მოემსახურება თბილისს.
მერიამ ჯამში MAN-ის მარკის 160 ავტობუსი შეიძინა და ისინი თბილისში ეტაპობრივად გამოჩნდება.
მერიის მიერ გავრცელებული რელიზის მიხედვით, ახალი ავტობუსები გათვლილია 162 მგზავრზე, აქედან 43 დასაჯდომი ადგილით.
ავტობუსი ადაპტირებულია შშმ პირებისთვის, ტრანსპორტში დამონტაჟებულია თანამედროვე სტანდარტის, ინტეგრირებული გათბობის, კონდიცირებისა და ვენტილაციის სისტემა, ღჭურვილია ხმოვანი საინფორმაციო სისტემით, შიდა და გარე ანტივანდალური ვიდეომონიტორინგის სისტემით, მობილურის დასატენი წერტილებით და მონიტორინგის, მართვისა და უსაფრთხოების სხვა თანამედროვე სისტემებით.
ავტობუსების შემოსაყვანად გამოცხადებულ ტენდერში „თეგეტა მოტორსმა“ გაიმარჯვა.
სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, 160 ახალი 18-მეტრიანი „ MAN Lion’s City 18C“ მოდელის ავტობუსის ერთეული ფასი 1 618 759 ლარია.