რომელ რეგიონებში მოიმატა კორონავირუსის ახალმა შემთხვევებმა მკვეთრად - ოქტომბრის სტატისტიკა

პუბლიკა

ბოლო რამდენიმე დღეა ქვეყანაში ყოველდღიურად დადასტურებული კორონავირუსის ახალი შემთხვევების რაოდენობა იზრდება.

თუკი გადავხედავთ 1 ოქტომბრიდან დღემდე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ გამოქვეყნებულ სტატისტიკურ მონაცემებს, ჩანს, რომ შემთხვევების მატება 5 ოქტომბრიდან დაიწყო და მომდევნო ერთი კვირის განმავლობაში ყოველდღიური ახალი შემთხვევები 2500-დან 3000-მდე მერყეობდა.

12 ოქტომბერს დაფიქსირდა შემთხვევათა ნახტომისებური ზრდა – 4775 ახალი შემთხვევა, რომელიც, ე.წ., სამშაბათის დაგროვების ეფექტის მიუხედავად, დარგის სპეციალისტების თქმით, უჩვეულოდ მაღალია.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ვირუსის 4837 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ჩატარდა 49 386 ტესტი; გამოჯანმრთელდა 1 586, გარდაიცვალა 26 პაციენტი. დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 9.79%.

რომელ რეგიონებში მოიმატა ნახტომისებურად ახალმა შემთხვევებმა? 

თუკი კორონავირუსის გავრცელების სტატისტიკას რეგიონების ჭრილში შევხედავთ, ვნახავთ, რომ 5 რეგიონში – თბილისი, იმერეთი, კახეთი, სამეგრელო-ზემო სვანეთი, აჭარა – შემთხვევების ზრდა 5 ოქტომბრიდან დაიწყო.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, შემთხვევების მატების თვალსაზრისით ეპიდვითარება დრამატულად შეიცვალა იმერეთში, კახეთსა და სამეგრელოში.

დღესდღეობით, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გრაფიკებზე წითელ ზონებადაა მონიშნული – თბილისი და იმერეთი, მათ მოსდევს – კახეთი და სამეგრელო – ზემო სვანეთი.

მაგალითისთვის, იმერეთში 1-11 ოქტომბრის შუალედში შემთხვევების ყველაზე მაღალი რაოდენობა 9 ოქტომბერს დაფიქსირდა – 607 ახალი შემთხვევა, 12 ოქტომბერს კი 1060, ბოლო 24 საათში კი – 1028.

ამავე პერიოდში თბილისში შემთხვევების ყველაზე მაღალი რაოდენობა 5 ოქტომბერს დაფიქსირდა – 882 შემთხვევა, 12 ოქტომბერს 1359, ბოლო 24 საათში კი 1379.

კახეთში 1-11 ოქტომბრის შუალედში შემთხვევების ყველაზე მაღალი რაოდენობა 10 ოქტომბერს იყო, 12-ში  – 617, ბოლო 24 საათში კი 889.

იმავე პერიოდში სამეგრელო-ზემო სვანეთში ყველაზე მეტი შემთხვევა 9 ოქტომბერს ფიქსირდებოდა – 339 ახალი შემთხვევა, 12 ოქტომბერს 493 დაფიქსირდა, ბოლო 24 საათში კი 444.

რა შეიძლება იყოს შემთხვევების მომატების მიზეზი?

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნია ამბობს, რომ შემთხვევების „უჩვეულოდ მაღალი მატება“ ძალიან საყურადღებოა და ზუსტი მიზეზების დადგენას დამატებითი მოკვლევა სჭირდება.

ახალი შემთხვევების მატების მიზეზებთან დაკავშირებით საუბრისას ის ყურადღებას ამახვილებს ორ ფაქტორზე – მობილობის გაზრდასა და ვაქცინაციის ტემპზე.

მისი განმარტებით, შემთხვევების მატებას ბუნებრივია, ხელი შეუწყო მობილობის გაზრდამ. აცრების დაბალი მაჩვენებლის ფონზე კი, ქვეყანაში არ არსებობს საკმარისი იმუნური ფენა, რაც ინფექციის გავრცელებას ხელს შეუშლიდა.

ქვეყანაში საგანმანათლებლო დაწესებულებებში (ბაღი, სკოლა, უნივერსიტეტი და პროფესიული სასწავლებელი) დასწრებით სწავლა 4 ოქტომბრიდან გახდა დაშვებული.

რაც შეეხება ვაქცინაციის სტატისტიკას, 13 ოქტომბრის მონაცემებით, სულ ჩატარებულია 1 889 200 აცრა;

სულ მცირე 1 დოზით ვაქცინირებულია 1 004 298 ადამიანი – მოზრდილი მოსახლეობის 35.3 %;

სრულად ვაქცინირებულია 884 902 ადამიანი – მოზრდილი მოსახლეობის 31.0%;

ბოლო 24 საათში აიცრა 6 837 ადამიანი.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე დღე-ღამეში ყველაზე მაღალი შემთხვევების რაოდენობა 17 აგვისტოს დაფიქსირდა – 6 208.

აქტიური შემთხვევების ყველაზე მაღალი რაოდენობა კი 21 აგვისტოს დაფიქსირდა – 61 262.