რომელ ვაქცინას რა დოზით რა პერიოდში მივიღებთ | გამყრელიძის განმარტება

პუბლიკა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების შემოტანის სავარაუდო ვადები დაასახელა.

„გარდა 200 ათასი [ვაქცინების დოზისა], რაც ახლა არის ქვეყანაში, „კოვაქსის“ პლატფორმის საშუალებით,  15 ივნისამდე დაახლოებით 43 ათასი „ასტრაზენეკა“ უნდა შემოვიდეს. ასევე, დადასტურებულია, რომ ივნისის ბოლოს, ან ყველაზე გვიან, ივლისის პირველ რიცხვებში, ნახევარი მილიონი „სინოფარმი“ უნდა შემოვიდეს ქვეყანაში და შემდეგ, მე-3 კვარტალში (მოგეხსენებათ კონტრაქტი დასრულების პირასაა), თანდათანობით უნდა შემოვიდეს მილიონი დოზა ფაიზერი“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

გარდა ამისა, NCDC-ის ხელმძღვანელი ამბობს, რომ პარალელურად მიმდინარეობს მოლაპარაკებები „სინოვაკთან“ და „ნოვოვაქსთან“. გამყრელიძის თქმით, „კოვაქსის“ საშუალებით საქართველომ უნდა მიიღოს 1 400 000 დოზა ვაქცინა.

„დღემდე, კოვაქსიდან მიღებული გვაქვს 115 ათასი დოზა. ივნისის შუა რიცხვებამდე კიდევ უნდა დაემატოს 43 ათასი. აი, ეს არის დღეს ჩვენი ვაქცინების მიღების პერსპექტივა. ამავე დროს, იცით, რომ ჩვენ ასეთი გაანგარიშება გვაქვს – ყოველი თვის დასაწყისში უნდა გვქონდეს მარაგი დაახლოებით ნახევარი მილიონი ვაქცინა, რომ ე.წ. მასობრივ იმუნიზაციაზე წავიდეთ, ანუ მასობრივი ნიშნავს, რომ დღეში ავცრათ დაახლოებით 10-15 ათასამდე ადამიანი“, – განაცხადა გამყრელიძემ.