რომელი სამშენებლო დარღვევა ჩაითვლება საპატიოდ | მერიის კანონპროექტი

პუბლიკა

თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ საქართველოს პარლამენტს „სამშენებლო ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტი წარუდგინა – ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.

როგორც დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ აღნიშნა, კანონპროექტი შეეხება სამშენებლო ამნისტიას და გარკვეულ დარღვევებზე სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებას მოითხოვს. მისივე თქმით, ამნისტია შეეხება ყველა ტიპის მშენებლობას, პირველიდან მეხუთე კლასის ჩათვლით, რომელიც მშენებლობის ნებართვის საფუძველზეა ნაწარმოები და მშენებლობა 2020 წლის 18 აგვისტომდეა დასრულებული.

„თუ დარღვეულია K1, K2, K3 პარამეტრი, ექსტერიერი ან ინტერიერი, მიჯნის ზონა, განაშენიანების რეგულირების ხაზები, განაშენიანების სიმაღლის რეგულირების ხაზები, ფუნქციური ზონა, ავტოსადგომების რაოდენობა ან პროექტის კონსტრუქციული ნაწილი, თუმცა მათი უსაფრთხოება დადასტურებულია აკრედიტებული ექსპერტის მიერ, ყველა ზემოთ ჩამოთვლილი დარღვევა ჩაითვლება საპატიოდ და ჩამოიწერება დარღვევებიდან გამომდინარე დაკისრებული ჯარიმები“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, აღნიშნულ საკანონმდებლო პაკეტში, ამნისტიის გარდა, გაწერილია მთელი რიგი პრევენციული ღონისძიებები. მათ შორის, მუნიციპალიტეტის მოთხოვნით, მშენებლობის ხელმეორედ შეუჩერებლობა, სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას გამოიწვევს.

„პირველ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, იქნება ჯარიმა. გადავახდევინებთ ჯარიმას, თუ არასწორად ხორციელდება მშენებლობა და შეუსაბამოა არქიტექტურულ ნებართვასთან. თუ ხელმეორედ არ იქნება გამოსწორებული, ეს უკვე სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობაში გადავა“, – განაცხადა თბილისის მერმა.

კახა კალაძის თქმით, საკანონმდებლო პაკეტის მესამე ნაწილი ეხება შენობა-ნაგებობების ექსპლუატაციაში შესვლის საკითხს. კერძოდ, კანონში ცვლილება ითვალისწინებს ჯერ კიდევ ექსპლუატაციაში მიუღებელი შენობა-ნაგებობის ელექტროენერგიით და ბუნებრივი გაზით მომარაგების აკრძალვას.

„იმისთვის, რომ შეიცვალოს დამკვიდრებული პრაქტიკა და თავად სამშენებლო კომპანიებს ჰქონდეთ ინტერესი,  აწარმოონ მშენებლობა სამშენებლო ნორმებისა და მშენებლობის ნებართვის შესაბამისად და შენობა შევიდეს ექსპლუატაციაში“, – აცხადებს კალაძე.