ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში ამირან გამყრელიძემ სწრაფი ტესტების შესახებ ისაუბრა და დეტალურად ახსნა, რა ტიპის ტესტები არსებობს დღეს ბაზარზე კორონავირუსის დიაგნოსტირებისთვის, რომელი ტესტი რას ამოწმებს და რა დროში.
„ამ დაავადების დიაგნოსტირებისთვის დღეს მსოფლიოში სამი ტიპის მეთოდოლოგია არსებობს:
ერთი გახლავთ PCR ტექნოლოგიაზე [პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქცია] დაფუძნებული – მოლეკულური ტესტირება, რომლითაც ცხვირ-ხახის ნაცხში, სასუნთქი გზების ლავაში, სისხლსა და ფეკალიებში ხდება აღმოჩენა ვირუსის. ეს გახლავთ ოქროს სტანდარტი ამ დაავადებების, და საერთოდ რესპირაციული დაავადებების, დიაგნოსტირების. ეს იქნება გრიპი, ადენო, რინო, თუ სხვა დაავადებები. ეს გახლავთ ოქროს სტანდარტი, რომელიც იძლევა საშუალებას, ინფექციის დაწყების პირველივე დღეს, ანუ ძალიან ადრეულ ეტაპზე, ან უსიმპტომო ფაზაშიც კი, ვირუსი ნახოთ ცხვირ-ხახის ნაცხში. ამ მეთოდს იყენებს საქართველო და ის ლუგარსა და ჩვენს კიდე ოთხ ლაბორატორიაში ტარდება. მალე ჩატარდება ასევე ერთ-ერთ კერძო ლაბორატორიაში [გადავეცით ტესტები]. როცა ტესტი იძლევა დადებითს, მაშინ შეგიძლიათ, თქვათ, რომ ადამიანს აქვს ინფექცია. ამას იყენებს დღეს ყველა ქვეყანა როგორც რუტინული დიაგნოსტიკის, ისე კონფირმაციისთვის“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
მან ასევე ისაუბრა სწრაფი ტესტების შესახებ:
ამირან გამყრელიძის თქმით, სწრაფი ტესტი ორი ტიპის არის – ანტისხეულებზე ან ანტიგენზე დაფუძნებული.
ანტისხეულის აღმოჩენაზე დაფუძნებულ ტესტი სისხლში ორი ტიპის ანტისხეულს ეძებს – იმუნოგლობულინი G და იმუნოგლობულინი M.
„რაც შეეხება სწრაფ ტესტებს, ეს არის ორი ტიპის და ერთი არის ანტისხეულის სისხლში აღმოჩენაზე დაფუძნებული ტესტი, სადაც თქვენ ეძებთ ორი ტიპის ანტისხეულს, იმუნოლოგიაში ამას ჰქვია იმუნოგლობულინი G და იმუნოგლობულინი M.
როცა ადამიანი ავადება რომელიმე ტიპის ინფექციით, ორგანიზმში დაავადების წინააღმდეგ ამ ტიპის აგენტი ჩნდება.
როცა ინფექცია შეიჭრება, ამის წინააღმდეგ ორგანიზმი გამოიმუშავებს ანტისხეულს, ან M-ს ან G-ის ან სხვას, სულ ხუთი იმუნოგლობულინია.
როცა M ჩნდება, ეს ნიშნავს მწვავე ფაზას. ეს M სისხლში ჩნდება დაინფიცირებიდან მეხუთე, მერვე დღეს, ანუ ეს სწრაფი ტესტი ანტისხეულზე დამყარებული ვერ იჭერს პირველ, მეორე, მესამე დღეს ინფექციას ორგანიზმში“, – განცხადა ამირან გამყრელძემ.
გამყრელიძის თქმით, იმ შემთხვევაში, თუ ადამიანმა გადაიტანა ვირუსი, ტესტის შემდეგ სისხლში ჩნდება იმუნოგლობულინი G. ის ჩნდება ცოტა მოგვიანებით და ნიშნავს იმას, რომ პირს გადატანილი აქვს ინფექცია.
მეორე ტიპის სწრაფი ტესტი ანტიგენზეა დამყარებული და მას 15-20 წუთი სჭირდება. სწორედ აღნიშნული ტესტის შესყიდვა სურდა საქართველოს ჩინეთიდან, ამ ტიპის ტესტის მგრძნობელობა 80% დან 85%-მდეა.
„აქაც იღებ ნაცხს ცხვირ-ხახიდან და ამას აპარატურა არ სჭირდება. სინჯარაში გაქვს და 15 წუთში გეუბნება პასუხს, არის თუ არა ცხვირ-ხახაში ვირუსის ანტიგენი, მაგრამ მისი სპეციფიკურობა და მგრძნობელობა არის 80-დან 85%-ის ფარგლებში. შეიძლება, იყოს დადებითი და ვერ ნახოს. ერთი საათის წინ თურქეთის ჯანდაცვის მინისტრის ბრიფინგი იყო და ანტიგენზე დამყარებულ ტესტებზე თქვეს უარი, რაც საქართველოსთვის იყო შეკვეთილი და დაწუნებულია, იმაზეა საუბარი.
ამას აწარმოებს კორეა და ახლა კორეასთან მიდის მოლაპარაკება, რადგან მასობრივი კვლევისთვის მნიშვნელოვანია ანტიგენზე დამყარებული, ვიდრე ანტისხეულზე.
ორივეს აქვს თავისი ჩვენება, რა დროს რა ინფორმაციას გაძლევს, როგორ უნდა შეაფასო, იმავე ანტიგენზე სწრაფი ტესტი თუ დადებითი გექნებათ, ის პისეარზე უნდა გადაამოწმოთ.“ – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
რამდენი ტესტის ჩატარება შეუძლიათ PCR ტექნოლოგიით საქართველოში ერთ დღეში?
მისივე თქმით, დიდი დატვირთვის შემთხვევაში, ლუგარის ლაბორატორიაში დღის განმავლობაში PCR ტექნოლოგიაზე დაფუძნებული 400-მდე ლაბორატორიული კვლევის ჩატარებაა შესაძლებელი. 200-300-მდე ტესტის ჩატარება შეუძლია ინფექციურს.
„აქ იმდენად ლაბორატორიული პრობლემა არაა, არამედ – უფრო სინჯის აღების. ყველაზე დიდი დრო იკარგება ცხვირ-ხახის სინჯის აღებაზე. თითოეულ შემთხვევაზე უნდა გამოიცვალოს სინჯი. უსაფრთხოების ნორმები უნდა იყოს დაცული. სინჯის ამღები ტრენირებული უნდა იყოს.“
ამირან გამყრელიძის თქმით, ამ დღეებში დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი სინჯის ამღებთა წრის გაფართოებას გეგმავს.
ამავე ეთერში მან ჩინეთიდან მიღებულ იმ 1000 ტესტზეც ისაუბრა, რომლებიც, ასევე, PCR ტექნოლოგიაზეა დაფუძნებული, თუმცა ლაბორატორიული კვლევისთვის ამ ტესტებს 4 საათის ნაცვლად საათ-ნახევარი სჭირდება.
მისივე თქმით, აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების კონტროლის ადმინისტრაციამ {FDA] დასტური მისცა PCR-ის ტექნოლოგიაზე დაფუძნებულ ტესტებს, სადაც დიაგნოსტირებისთვის დრო 45 წუთამდეა შემცირებული.
ამირან გამყრელის თქმით, აღნიშნული კომპანია, რომელიც ამერიკულია, დღეში 15 000-მდე ტესტს უშვებს, ერთ კვირაში კი 30 000-მდე გაზრდის ამ რიცხვს, თუმცა, როგორც ის ამბობს, არსებობს გარკვეული რიგი და უპირველესად ევროპაში ყველაზე დაზიანებული ქვეყნების მომარაგება იგეგმება, როგორებიც არიან: იტალია, ესპანეთი და გერმანია.
„ჩვენ სერიოზულად ვმუშაობთ, რადგან ამ კომპანიასთან კარგი ურთიერთობა გვაქვს. იმედი მაქვს, მალე მივიღებთ და PCR ტექნოლოგიით კვლევის ჩატარება შემცირდება 45 წუთამდე. ეს მნიშვნელოვანია.“