ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განაცხადებით, საქართველო ამ ეტაპზე ვაქცინაციის პროგრამისთვის მხოლოდ იმ ვაქცინებს განიხილავს, რომლებთაც მკაცრი მარეგულირებელი ორგანოების ავტორიზაცია აქვთ.
„მკაცრი მარეგულირებელი ორგანიზაციები განისაზღვრება ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ და ამ ჩამონათვალში შედის 35 ქვეყანა. მაგალითისთვის, ეს არის ამერიკის წამლის და კვების სააგენტო, გერმანიის მარეგულირებელი, ევროპის მარეგულირებლები და აქ არის ეს ჩამონათვალი უკვე განსაზღვრული. მხოლოდ ამ ვაქცინებთან დაკავშირებით არის მოლაპარაკება და ჯანმოს პრეკვალიფიცირებული ვაქცინა შეიძლება იყოს ის ვაქცინა, რომელსაც საქართველო განიხილავს გამოყენებითვის”, – ამბობს გაბუნია.
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე აღნიშნავს, რომ ამ ეტაპზე არც ერთი ჩინური ვაქცინა – Sinovac და Sinopharm, ჯერჯერობით, არც მკაცრი მარეგულირებლების მიერ არის აღიარებული და არც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერაა პრეკვალიფიცირებული.
„ამდენად, ამ ეტაპზე ჩვენ რასაც განვიხილავთ ეს არის Pfizer-ის ვაქცინა, AstraZeneca და Moderna [mRNA-1273], რომელიც ასევე არის ის კანდიდატი ვაქცინა, რომელიც შესაძლოა ქვეყანამ გამოიყენოს და ეს ასეცაა ასახული გეგმაში“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.
თამარ გაბუნიას განმარტებით, როგორც ქვეყანაში შემოტანის, ასევე ტექნოლოგიური თვალსაზრისით, ამ მომენტისთვის, რეალისტური და ერთნაირი შანსი აქვს Pfizer-ისა და AstraZeneca-ს ვაქცინებს.
„თუმცა გრძელვადიან პერსპექტივაში, ცივი ჯაჭვის სიმარტივიდან გამომდინარე, ჩვენთვის უფრო მოსახერხებელია AstraZeneca-ს ვაქცინაზე გავაკეთოთ აქცენტი სამომავლოდ. შეიძლება ახლა ყველა მოვიზიდოთ გარკვეული რაოდენობით, მაგრამ სამომავლოდ, მოსახლეობის სრულად მოცვისთვის აქცენტი ამ ეტაპზე [ასე გვაქვს]. შეიძლება ხვალ ისეთი კანდიდატი ვაქცინა გამოჩნდეს, რომელმაც იგივე სარგებელი შემოგვთავაზოს და რა თქმა უნდა, ამასაც განვიხილავთ“, – აღნიშნა გაბუნიამ.
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ აღნიშნა, რომ საქართველოში ვაქცინაციის სამთავრობო ჯგუფი მუშაობს, რომელსაც ხელმძღვანელობს ჯანდაცვის მინისტრი.
„ქვეყანაში მუშაობს ვაქცინაციის სამთავრობო კომიტეტი, რომელსაც ხელმძღვანელობს ჯანდაცვის მინისტრი და ამ კომიტეტში გაერთიანებულია ბევრი სამთავრობო და არასამთავრობო უწყების წარმომადგენელი – დაახლოებით 15 ადამიანია კომიტეტის შემადგენლობაში და კომიტეტი დაასრულებს ამ კვირაში მუშაობას ვაქცინის დანერვვის გეგმაზე და საერთაშორისო პარტნიორები გვეხმარებიან ამაში“, – აღნიშნავს გაბუნია.
რას განსაზღვრავს და როგორ იმუშავებს ვაქცინის დანერგვის გეგმა?
„ვაქცინის დანერგვის გეგმა განსაზღვრავს – რომელი ვაქცინა რა რაოდენობის რომელ ჯგუფებში უნდა გაკეთდეს; როგორი იქნება საინფორმაციო სისტემა; ტრენინგი ვის უნდა ჩაუტარდეს; გვერდითი მოვლენების მონიტორინგი როგორ უნდა მოხდეს – ეს ყველაფერი არის ძალიან დეტალურად გაწერილი და უკვე არის ამ მიმართულებით მუშაობა დაწყებული, რომ ჩვენ, დავუშვათ და მოხდეს ისე, რომ უკვე თებერვალში გვქონდეს ვაქცინის მიღების შესაძლებლობა, ვიყოთ მზად იმისთვის, რომ ვაქცინაცია დავიწყოთ.
როგორც ვთქვი, ჩვენ რეალურად, ტექნიკურად მზად ვართ მივიღოთ დღეს ცნობილი, სამივე ვაქცინა, რომელსაც აქვს აღიარება მიღებული. ამდენად, მუშაობა, რა თქმა უნდა, მიმდინარეობს და ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი არის ის, რომ ჩვენ გავყვეთ აი ამ პრიორიტეტულ ჯგუფებს – სამედიცინო პერსონალი არის პირველი პრიორიტეტული ჯგუფი და შემდეგ უკვე, ასაკების მიხედვით, პირველი მოცვა რომ დასრულდება, შემდეგ მეორე მოცვა დასრულდება, თუმც სხვა ქვეყნების გამოცდილება მიუთითებს იმას, რომ არის გარკვეული მოქნილობის შესაძლებლობა – გამომდინარე იქიდან, რომ შეიძლება კონკრეტულ ჯგუფში შეიძლება ყველას არ ჰქონდეს მაღალი ნდობა და პირველ ეტაპზე თავი შეიკავოს ვაქცინაციისგან, იქ არის იმის საშუალება, რომ მეორე ჯგუფიდან შესთავაზონ უფრო ადრე იმ ადამიანს, რომელსაც შეიძლება ცოტა მეტი მოცდა დაჭირვებოდა.
700 ათას მოქმედ ბენეფიციარზე ჩვენ ამ ვაქცინას ერთდროულად, რა თქმა უნდა, არ მივიღებთ. ამას გარკვეული დრო დასჭირდება. პირველ ეტაპზე ნავარაუდევია დაახლოებით 100 ათასამდე ამ ვაქცინის მოწოდება ქვეყნისთვის და შემდეგ უკვე იმისდამიხედვით, თუ როგორ მოხდება ამ 100 ბენეფიციარის აცრა, ამის მიხედვით მოგვაწვდიან კიდევ დამხმარე დანარჩენ ვაქცინებსაც. მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ბოლომდე მოხდეს მობილიზება“, – აღნიშნავს თამარ გაბუნია.