ვატიკანის სახელმწიფოში პრეზიდენტის ვიზიტის ფარგლებში, ქალაქ რომის ქართულ სამრევლოს ხანგრძლივი დროებითი სარგებლობის უფლებით „სან სალვატორე აიმონტის“ ეკლესია გადაეცა. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
მათი თქმით, „სან სალვატორე აი მონტის“ ეკლესიაში წირვა-ლოცვა წლების განმავლობაში ქართულად აღევლინებოდა.
„აღნიშნული საკითხი საქართველოს პრეზიდენტმა რომის ეპარქიაში რომის პაპის ვიკართან კარდინალ ანჯელო დე დონატისთან განიხილა, რის შემდეგაც პრეზიდენტი ეკლესიაში ლოცვას თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორთან, პროტოპრესვიტერ გიორგი ზვიადაძესთან ერთად დაესწრო“, – ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ადმინისტრაციის განცხადებითვე, ქართული სამრევლოსათვის ხანგრძლივი დროებითი სარგებლობის უფლებით „სან სალვატორე აიმონტის“ ეკლესიის გადაცაცემის შესახებ ოფიციალური დოკუმენტი უახლოეს მომავალში გაფორმდება.