გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხაილ როთი უკრაინა-მოლდოვას ევროკავშირში გაწევრების მოლაპარაკებების ოფიციალურად დაწყებას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ მსგავსს სცენარს საქართველოში ანტი-EU მთავრობა ბლოკავს.
„უკრაინასთან და მოლდოვასთან გაწევრების შესახებ მოლაპარაკებები საბოლოოდ იწყება. სამწუხაროდ, ანტიევროპული მთავრობა ბლოკავს ბრიუსელთან საქართველოს მოლაპარაკებების დაწყებას.
ჩვენ უნდა ვისწავლოთ დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების შეცდომაზე: გვჭირდება მეტი სისწრაფე, ამბიცია, ზუსტი გეგმა. გაფართოება არ უნდა იყოს ცარიელი დაპირება, არამედ მიღწევადი მიზანი”, – წერს როთი.
დღეს ევროკავშირმა უკრაინასა და მოლდოვასთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები გახსნა. ინფორმაციას უკვე გამოეხმაურა ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი, რომელმაც ორივე ქვეყანას ეს წინსვლა მიულოცა და აღნიშნა, რომ გზა იქნება შესაძლებლობებით სავსე.
ამ დღეს ისტორიული უწოდა ევროპარლამენტის პრეზიდენტმა, რობერტა მეცოლამ და დაწერა, რომ ეს გადაწყვეტილება აძლიერებს სრულიად ევროკავშირს.
7 ივნისს ევროკომისიამ რეკომენდაცია გასცა, ევროკავშირმა დაიწყოს გაწევრიანების მოლაპარაკებები მანამ, სანამ როტაციით უნგრეთი დაიკავებს ევროკავშირის ხელმძღვანელის პოსტს.
ბრიუსელის რეკომენდაციის შესრულებას გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებაზე ევროკავშირის 27-ვე ქვეყნის ხელისუფლების ერთსულოვანი თანხმობა სჭირდება.