როთი: ჩვენ არ ვიმყოფებით აქ, რომ ბიძგი მივცეთ რეჟიმის ცვლილებას

პუბლიკა

გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხაილ როთმა საქართველოში ვიზიტის ფარგლებში პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განცხადება გააკეთა.

„ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ ის, რომ მმართველ პარტიას სურს, ჩვენს სანდოობას ძირი გამოუთხაროს. ჩვენ წარმოვადგენთ სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიას, გაგვაჩნია ძალზე განსხვავებული პოლიტიკური წარსული, იდეოლოგიური საფუძველი, წარმოვადგენთ 8 ქვეყანას, მაგრამ ყველანი ვეკუთვნით ევროპას და ევროკავშირს.

ჩვენ აქ ვიმყოფებით როგორც ქართველის ხალხის მეგობრები, ჩვენ არ ვიმყოფებით აქ როგორც მტრები, ჩვენ არ ვიმყოფებით აქ, რომ ბიძგი მივცეთ რეჟიმის ცვლილებას. მე ვიცი, ზოგჯერ რთულია, როცა მეგობარი გაწუხებს, მაგრამ ჩვენ ვალდებული ვართ, ეს გავაკეთოთ. იმიტომ, რომ ინტერვენციები, ჩვენთვის, როგორც ევროკავშირის წევრებისთვის არის ნორმალური პრაქტიკა. ჩემი კოლეგებიც ერევიან, როცა რაღაც პრობლემები იქმნება გერმანიაში, ჩვენ განვიხილავთ ჩვენი წევრების მომავალს, ვუზიარებთ ჩვენს პოზიციებს, ამიტომ ვართ მყარი ევროპელები, ერთი ოჯახი და ოჯახი ნიშნავს მრავალფეროვნებას.

ჩვენ ვიმყოფებით აქ სოლიდარობის გამოსახატავად საქართველოს მოსახლეობის ძალზედ დიდი ნაწილისთვის, ვინც ისწრაფვის ევროკავშირის წევრობისკენ და სწამს ღირებულებები დემოკრატიისა და სამართლიანი, თავისუფალი არჩევნების.

მმართველი პარტია მიეკუთვნებოდა ჩემს პარტიულ ოჯახს, სოციალ-დემოკრატიულ პარტიას, მაგრამ სხვადასხვა მიზეზით ჩვენ შევწყვიტეთ წევრობა, ვიმყოფებით აქ იმიტომ, რომ შეშფოთებული ვართ უკანასკნელი არჩევნების თვალსაზრისით და ამჟამინდელი საქართველოს ხელისუფლების ანტიდემოკრატიული პოლიტიკით. ბოლო არჩევნები საქართველოში არ იყო სამართლიანი და თავისუფალი“, – განაცხადა როთმა.

პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა ევროკავშირის 8 ქვეყნის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების თავმჯდომარეთა დელეგაციას შეხვედრაზე უარი უთხრა.  პაპუაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ პოლიტიკოსებმა მასთან და პარლამენტის ზოგიერთი კომიტეტის თავმჯდომარესთან შეხვედრა ითხოვეს.

პაპუაშვილმა წერილში, სადაც უარის მიზეზებს გამარტავს, აღნიშნა, რომ „შეუძლებელია ევროპას მშვიდობის პროექტად წარმოაჩენდე და ამავდროულად, ევროპის სახელით, ქვეყანაში არეულობას თესავდე“.