როთი: ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის დაგეგმილი მოგზაურობა საქართველოში სერიოზული შეცდომაა

პუბლიკა

გერმანიის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხაილ როთი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს, პია კაუმას თბილისში დაგეგმილ ვიზიტს „სერიოზულ შეცდომას“ უწოდებს. მისი განცხადებით, ევროკავშირმა, ევროსაბჭომ და ეუთო-მ თავისუფალი და სამართლიანი ახალი არჩევნები უნდა მოითხოვონ.

„ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეამ არ უნდა მოახდინოს გაყალბებული არჩევნების შედეგად წარმოშობილი არალეგიტიმური პრეზიდენტის, მთავრობისა და პარლამენტის ლეგიტიმაცია. ევროკავშირმა, ევროსაბჭომ და ეუთო-მ უნდა მოითხოვოს თავისუფალი და სამართლიანი ახალი არჩევნები. ეს არის ერთადერთი გამოსავალი ღრმა კრიზისიდან!“ – წერს როთი X-ზე.

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს, პია კაუმას ვიზიტი თბილისში 8-10 იანვარსაა დაგეგმილი. აღნიშნულს გამოეხმაურა ლატვიელი ევროპარლამენტარი რიჰარდს კოლსი, რომელმაც X-ზე დაწერა, რომ ეს „კატასტროფული და ცუდ დროს შერჩეული ნაბიჯია“. რესპუბლიკელმა კონგრესმენა, ჯო უილსონმა კაუმას წერილით მიმართა და მოუწოდა, არ ჩავიდეს თბილისში. 

OSCE PA-ს პრეზიდენტს განცხადებით მიმართავს 3 კოალიცია – „კოალიცია ცვლილებისთვის”, „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობა” და „ძლიერი საქართველო” და საქართველოში დაგეგმილი ვიზიტის გადადებისკენ მოუწოდებს, „ვიდრე რეჟიმი არ აიღებს ვალდებულებას ახალი არჩევნების დანიშვნისა და პოლიტპატიმრების გათავისუფლების მიმართ“. კაუმას წერილით მიმართა „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერმაც და მოუწოდა გადახედოს ვიზიტის დროსა და მიზანს.