გერმანელი პოლიტიკოსი და ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის ხელმძღვანელი, მიხაელ როთი რუსულ კანონზე აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ხალხს უნდა მოუსმინოს. მისი თქმით, საქართველოს მოქალაქეებს ევროკავშირში გაწევრება სურს და არა პუტინის რუსეთში.
„შემოთავაზებული უცხოური აგენტის კანონი შეუთავსებელია ევროკავშირის წევრობასთან. დამოუკიდებელი + კრიტიკული სამოქალაქო საზოგადოება ხალხის მტერი კი არ არის, არამედ ევროკავშირში გაწევრების პირობაა. „ქართულმა ოცნებამ” ხალხს უნდა მოუსმინოს: ქართველების 90%-ს სურს ევროკავშირში გაწევრება და არა პუტინის რუსეთში”, – წერს ის.
„ქართული ოცნება“, რუსული ხელისუფლების მსგავსად, სამოქალაქო ორგანიზაციებისა და დამოუკიდებელი მედიაგამოცემების წინააღმდეგ კანონის მიღებას აპირებს.
მისი მიზანია, ამ ორგანიზაციების დისკრედიტაციის გზით, ჩაახშოს საზოგადოებაში სიტყვის თავისუფლება და კონტროლი დაამყაროს საზოგადოებრივ აზრზე.
რუსული კანონი ითვალისწინებს ტერმინ „უცხოური ძალისა“ და „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციის“ დამკვიდრებას. ეს ტერმინი და საგანგებოდ შექმნილი რეესტრი გააერთიანებს ყველა იმ ორგანიზაციას, რომელიც ქვეყანაში ევროპული ღირებულებების, ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის განვითარებისთვის მუშაობს.
პროექტი ითვალისწინებს მონიტორინგის, ე.წ. დასმენისა და სანქციების კომპონენტსაც.