რქაწითელისა და კახური მწვანეს ფასი არ იქნება 80 თეთრზე ნაკლები – მთავრობა რთველის სუბსიდირებას გეგმავს

პუბლიკა

პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ მთავრობა რთველის სუბსიდირებას გეგმავს, განსაკუთრებით ისეთი ჯიშების, როგორიც არის რქაწითელი და კახური მწვანე, რომლის ფასიც არ იქნება 80 თეთრზე ნაკლები. როგორც პრემიერმა აღნიშნა, სააისოდ ბიუჯეტი უკვე გამოყოფილია.

„თუ საჭირო იქნება, სახელმწიფოც ჩაერთვება შესყიდვაში. იმ შემთხვევაში, თუ ამის აუცილებლობა დადგება, მაგრამ ყველა შემთხვევაში ქართველმა მევენახეებმა უნდა იცოდნენ, რომ ქართულ ყურძენზე მინიმალური ფასი, რქაწითელსა და კახურ მწვანეზე იქნება 80 თეთრი. ეს ის მინიმალური შესაძლებლობაა კრიზისის პირობებში, რაც დღეს შეგვიძლია დახმარების სახით გავუწიოთ ქართველ მევენახეებს.

ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ იმისათვის, რომ სხვადასხვა ინსტრუმენტით ამ ადამიანებს დავხმარებოდით, ქართველი ფერმერი გაგვეძლიერებინა კრიზისის პირობებში. გარდა ამისა, ბოლო წლების განმავლობაში ყველას მოგეხსენებათ, როგორ ვითარდება მევენახეობა და მეღვინეობა. 2019 წელი იყო რეკორდული, როდესაც საქართველოდან 94 მილიონი ბოთლის ექსპორტი მოხდა. რა თქმა უნდა, შიდა მოხმარებაც იზრდებოდა. საერთოდ, მეღვინეობა, ქართული, ექსპორტში 2012 წელს დაახლოებით იყო 2.5 პროცენტი, დღეის მონაცემებით, ეს არის 6 პროცენტი. ეს არის ძალიან სერიოზული დინამიკა განვითარების, დარგის ზრდის. ამიტომ, შეუძლებელი იყო, ჩვენ ყურადღება არ მიგვექცია ამ დარგისთვის და ანტიკრიზისული გეგმა სპეციალურად მევენახეებისთვის არ მოგვემზადებინა, განსაკუთრებით რთველის პირობებში“, –  განაცხადა გიორგი გახარიამ.