შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საბაჟო გამშვებ პუნქტში „ფოთისა და ყულევის პორტები და ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა“ გერმანიიდან და ეგვიპტიდან შემოტანილი ქათმის გაყინული ხორცითა და ტკბილი კარტოფილით (ბატატი) დატვირთული სატრანსპორტო საშუალებები გააჩერეს.
„კანონმდებლობით გათვალისწინებული სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის პროცედურების განხორციელებისას, კერძოდ, ფიზიკური შემოწმების/დათვალიერების დროს ტკბილი კარტოფილის 70% საკვებად უვარგისი აღმოჩნდა, რის შედეგადაც ტვირთი სრულ განადგურებას დაექვემდებარა.
ამასთან, საბაჟო კონტროლის ფარგლებში, 27 000 კილოგრამი ქათმის გაყინული ხორციდან აღებულ ნიმუშებში, ლაბორატორიული კვლევის შედეგად, პათოგენური მიკროორგანიზმი – სალმონელა გამოვლინდა”, – ნათქვამია განცხადებაში.
შემოსავლების სამსახურის ცნობით, გაყინული ქათმის ხორცი ექსპორტიორ ქვეყანაში გააბრუნეს.